თიბისი ჯგუფის უფროსი ეკონომისტი ნიკოლოზ ზურაბაშვილი განმარტავს მიზეზებს, რის გამოც სასაქონლო პროდუქციის გამოშვებისა და ექსპორტის ზრდის რეალურ ეკონომიკაზე გავლენა შედარებით მცირეა.
როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, გამოშვებაში დიდი წვლილი უჭირავს შუალედურ მოხმარებას, ასევე დიდი ნაწილი მოდის ფასების ეფექტზე, ეკონომიკური ზრდა კი გამორიცხავს როგორც შუალედურ მოხმარებას, ასევე ფასების ეფექტს.
"თიბისი კაპიტალის" პუბლიკაციის თანახმად, სასაქონლო პროდუქტები გამოშვებასა და ექსპორტს კვლავ ზრდის, თუმცა რეალურ ეკონომიკაზე გავლენა შედარებით ზომიერია. პირველ კვარტალში ეკონომიკის მთლიანი გამოშვების ზრდის დაახლოებით მესამედი (41%) მრეწველობაზე მოდიოდა, რეალურ ეკონომიკურ ზრდაში კი მისი წილი მხოლოდ 3.4%-ს შეადგენდა.
"უნდა განვასხვაოთ სხვადასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. გამოშვება - ეს არის მთლიანი გამოშვება, მათ შორის ბიზნეს სექტორის და მთლიანი ეკონომიკის, მაგრამ მთლიანი შიდა პროდუქტი - ეს არის დამატებული ღირებულება, რომელიც გამოშვებიდან გამორიცხავს შუალედურ მოხმარებას.
მთლიან მაჩვენებლებს რომ შევხედოთ, ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ სასაქონლო პროდუქტების ექსპორტი და გამოშვება, რადგან ასე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ეკონომიკურ ზრდაში წამყვან როლს ასრულებს. მაგრამ თუ ვნახავთ პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის ჩაშლას სექტორების მიხედვით, აღმოვაჩენთ, რომ პირველ ადგილზე არის IT სექტორი, ძალიან დიდი სხვაობით მეორე ადგილთან. შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაში პირველ კვარტალში მრეწველობას (და მათ შორის სასაქონლო პროდუქტებს) მნიშვნელოვანი წვლილი არ შეუტანია. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ განვასხვაოთ - ანუ მთლიანი მაჩვენებლები ერთი მხრივ და წმინდა მაჩვენებლები მეორე მხრივ. გაზრდილია როგორც ექსპორტი, ასევე გამოშვება, მაგრამ ამ გამოშვებაში დიდი წვლილი უჭირავს შუალედურ მოხმარებას, რომელიც არ წარმოადგენს დამატებულ ღირებულებას, და ამ დამატებული ღირებულებიდან რაც რჩება უკვე შუალედური პროდუქციის გამორიცხვით, კიდევ დიდი ნაწილი მოდის ფასების ზრდის ეფექტზე. მოგეხსენებათ, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სასაქონლო პროდუქციის ფასები, მათ შორის ძირითადად ნავთობზე, რომელიც გახდა საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი გასული წლის ბოლოდან და მიმდინარე წელს. ეკონომიკური ზრდა გამორიცხავს როგორც შუალედურ მოხმარებას, ასევე ფასების ეფექტს. შესაბამისად, კონტრიბუცია სასაქონლო პროდუქციის ექსპორტის ზრდისა - რამაც გაზარდა ასევე ბიზნეს სექტორის გამოშვება - ეკონომიკურ ზრდაში არის მცირე სხვა სექტორებთან შედარებით. ძირითადად IT სექტორია, რომელიც პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მთავარი კომპონენტი იყო.
მეორე კვარტალის მონაცემები უკვე სექტემბრის ბოლოს გვეცოდინება, და ჩვენ ველოდებით, რომ მეორე კვარტალშიც მსგავსი სურათი იქნება. ანუ მეორე კვარტალშიც სასაქონლო პროდუქტების ექსპორტი მნიშვნელოვნად (რაც სავალუტო შემოდინებებს უწყობს ხელს) გაიზარდა, მაგრამ ჩვენ არ ველოდებით, რომ ამას ეკონომიკურ ზრდაში დიდი წვლილი ექნება", - ამბობს ეკონომისტი.
























