მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკურ ზრდას გადახედა და 7.5%-დან 8.4%-მდე გაზარდა - რამ განაპირობა ცვლილება

საქართველო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2025 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წინასწარი მონაცემები დააზუსტა. განახლებული მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც მარტში გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით ზრდის მაჩვენებელი 7.5% იყო.

საქსტატის მონაცემებით, გადახედვის შედეგად, 2025 წლის მშპ-ის მოცულობა მიმდინარე ფასებში 104.6 მილიარდი ლარიდან 108.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ნომინალური მშპ-ის მოცულობა თავდაპირველ შეფასებას 3.8 მილიარდი ლარით აღემატება, ხოლო წლიურმა ზრდამ 16.6% შეადგინა.

ეკონომიკური ზრდის ტემპის გადახედვა ეკონომიკის არაერთ სექტორში დამატებული ღირებულების მაჩვენებლების დაზუსტებას უკავშირდება. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, რომლის რეალური ზრდის მაჩვენებელი 3.8%-დან 7.5%-მდე გაიზარდა. სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში წინასწარი შეფასებით არსებული 5.7%-იანი კლება 0.8%-იან ზრდად გადაიხედა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში კი ზრდის მაჩვენებელი 12.9%-დან 15.9%-მდე გაიზარდა.

ზრდის ტემპი დაზუსტებული მონაცემებით უფრო მაღალი აღმოჩნდა ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში (10.8%, ნაცვლად 8.9%-ისა), განთავსებისა და საკვების მიწოდების საქმიანობებში (8.7%, ნაცვლად 5.6%-ისა), უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში (6.5%, ნაცვლად 5%-ისა) და მშენებლობაში (2.5%, ნაცვლად 0.8%-ისა). ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, რომელიც კვლავ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა, ზრდა 28.7%-დან 28.9%-მდე გადაიხედა.

რაც შეეხება მშპ-ის ნომინალურ მოცულობას, ყველაზე დიდი მატება მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. დარგის დამატებული ღირებულება თავდაპირველ შეფასებასთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით გაიზარდა და 8.4 მილიარდ ლარს მიაღწია. ვაჭრობის სექტორის მაჩვენებელი 725.2 მილიონი ლარით, დამამუშავებელი მრეწველობის კი 564.3 მილიონი ლარით გაიზარდა.

ეკონომიკური საქმიანობის სახე წინასწარი (მლნ. ლარი) დაზუსტებული (მლნ. ლარი) სხვაობა (მლნ. ლარი) ცვლილება წინასწარსა და დაზუსტებულ მაჩვენებლებს შორის:
მშენებლობა 7,324 8,439 1115 15.20%
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების რემონტი 13,540 14,265 725.2 5.40%
დამამუშავებელი მრეწველობა 8,354 8,918 564.3 6.80%
ტრანსპორტი და დასაწყობება 5,555 5,900 345.6 6.20%
ინფორმაცია და კომუნიკაცია 7,370 7,671 300.9 4.10%
განთავსების საშუალებები და საკვების მიწოდება (HoReCa) 3,702 3,988 286.1 7.70%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 8,556 8,835 278.6 3.30%
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა 6,120 6,341 220.7 3.60%
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 4,687 4,901 214.2 4.60%
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურება 1,078 1,192 114.7 10.60%
სხვა დანარჩენი დარგები (ჯამურად) 25,472 25,103 -368.9 -1.40%

ამასთან, ყველა სექტორში მაჩვენებლები ზრდის მიმართულებით არ შეცვლილა. მაგალითად, განათლების სექტორის დამატებული ღირებულება 328.6 მილიონი ლარით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების კი 144.5 მილიონი ლარით შემცირდა თავდაპირველ შეფასებასთან შედარებით.

საქსტატმა ასევე განაახლა მშპ ერთ მოსახლეზე გაანგარიშება. 2025 წლის დაზუსტებული მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 27 546.9 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც მარტში გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით 28 235.4 ლარი იყო. აშშ დოლარში გამოსახული მშპ ერთ მოსახლეზე კი 10 045.5 დოლარით განისაზღვრა, წინასწარი შეფასებით არსებული 10 296.5 დოლარის ნაცვლად.

საქსტატის განმარტებით, ერთ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლების ცვლილება უკავშირდება 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების საფუძველზე 2015-2025 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების გადაანგარიშებას. აღნიშნულის შედეგად, ეროვნულ ანგარიშებში ერთ მოსახლეზე მაჩვენებლები 2015 წლიდან განახლდა.

აღსანიშნავია, რომ მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლის 8.4%-მდე გადახედვის პარალელურად, მშპ-ის დეფლატორის ზრდაც შეიცვალა. თუ წინასწარი შეფასებით ის 4.6% იყო, დაზუსტებული მონაცემებით 7.5% შეადგინა. სწორედ რეალური ზრდისა და ფასების დონის ცვლილების ერთობლიობა აისახა ნომინალური მშპ-ის განახლებულ მოცულობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები