გთავაზობთ 8-15 ნოემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.
IMF-ის მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა, ფონდი წელს 7.2%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის
IMF-ის მისიამ საქართველოში შეხვედრები 9-13 ნოემბერს გამართა. მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაიდენბერგი შეხვდა როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ასევე ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს. ფონდი განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე გამოწვევაზე, მათ შორის, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალ დონეზე შენარჩუნებაზე, დოლარიზაციისა და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდით გამოწვეულ რისკებზე, ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვის შესაძლო გავლენაზე საინვესტიციო გარემოზე და სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელების შეფერხებაზე. IMF ასევე დადებითად აფასებს სებ-ის მიერ რეზერვების დაგროვებას, ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზად კი 7.2%-ს მოელის.
საქართველოში საწვავმა გაიაფება დაიწყო
საქართველოში დიზელსა და ბენზინზე ფასი 5 თეთრით შემცირდა, ცალკეულ ქსელებში დიზელსა და ბენზინზე ფასები გასული კვირის განმავლობაში 5 თეთრის შუალედში შემცირდა. აღნიშნულ კლებას საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების კლებადი დინამიკა განაპირობებს.
საქართველოს რკინიგზამ 10 სამგზავრო მატარებლის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესაძენად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ის აზიის განვითარების ბანკის წესებით ჩატარდება და მისი სავარაუდო ღირებულება 70 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, ერთი ახალი სამგზავრო შემადგენლობის სავარაუდო საფასური 7 მილიონი დოლარი იქნება. აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროექტის ფარგლებში შესაძენი მატარებლები ოთხვაგონიანი უნდა იყოს, მინიმუმ 280 დასაჯდომი ადგილით. მათი კონსტრუქციული სიჩქარე 160 კმ/სთ-ს უნდა აღწევდეს, ტენდერში წინადადებების წარდგენა 11 იანვრამდე იქნება შესაძლებელი.
წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმების გასაყიდად გამოცხადებული ყველა აუქციონი ჩავარდა
წყალტუბოში 10 ყოფილი სანატორიუმის შესყიდვით ინვესტორები ამჯერადაც არ დაინტერესდნენ. ქონების ეროვნულმა სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონები არ შედგა. შესაბამისი აუქციონები 15 ოქტომბერს გამოცხადდა და 13 ნოემბერს დასრულდა. ობიექტების საწყისი საპრივატიზებო ფასები ჯამში 49.2 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო გამარჯვებულ ინვესტორებს ტერიტორიების განვითარებისთვის ჯამურად არანაკლებ 314 მლნ ლარის (დღგ-ის გარეშე) ინვესტირების ვალდებულება უნდა აეღოთ.
საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი 17.7-კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობისთვის $205-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი 17.7 კმ-იანი ელექტროფიცირებული ხაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. 205 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეში (2029 წლისთვის) დასრულდება და ახალი სადგურის მშენებლობასა და ხობის სადგურის რეკონსტრუქციასაც მოიცავს.
ბიზნესმენ მინდია საბანაძის IG ჯგუფი სუპერმარკეტების ქსელის "ზღაპარის" შესყიდვას გეგმავს
ბიზნესმენი მინდია საბანაძის კომპანია სუპერმარკეტების ქსელის ყიდვას გეგმავს. კერძოდ, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო შპს „აი ჯი რითეილის“ მიერ შპს „ზღაპრის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს განიხილავს. "შპს „ზღაპარი“ FMCG ბაზრის საცალო რეალიზაციის დონეზე ოპერირებს. შპს „აი ჯი რითეილის“ საბოლოო ბენეფიციარის კონტროლს დაქვემდებარებული ეკონომიკური აგენტები კი წარმოდგენილნი არიან ქათმის ხორცის წარმოებისა და საცალო რეალიზაციის, ასევე FMCG ბაზრის საცალო რეალიზაციის დონეზე.
რუსული ფულადი გზავნილების სისტემა Zolotaya Korona-მ საქართველოში საქმიანობა აღადგინა
რუსული ფულადი გზავნილების სისტემა Zolotaya Korona საქართველოში მომსახურების ეტაპობრივ აღდგენას იწყებს, რაც უკვე ამოქმედდა ერთ-ერთ კომერციულ ბანკში და მალე სხვა ბანკებშიც გაეშვება. 2026 წლის 24 ივლისს ოპერირების შეწყვეტის მიზეზი შუამავალი კომპანიის ("საგადასახადო ცენტრი") ევროკავშირის სანქციებში მოხვედრა იყო, რის შემდეგაც რუსეთიდან გზავნილები 45-51 მილიონიდან 5-8 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ახლა კი კომპანიამ გზავნილების განსახორციელებლად სხვა შუამავალი ოპერატორის გამოყენება დაიწყო.
საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს გადახედა - ზრდა 7.5%-ის ნაცვლად, 8.4% იყო
საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 7.5%-ის ნაცვლად 8.4% იყო, ხოლო ნომინალური მშპ 108.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა (+3.8 მლრდ ლარი). რეალური ზრდის გადახედვა ძირითადად ვაჭრობის (7.5%), სოფლის მეურნეობის (0.8%) და საფინანსო სექტორების (15.9%) მაჩვენებლების მატებამ განაპირობა, ნომინალურ მოცულობაში კი ყველაზე დიდი კორექტირება (+1.1 მლრდ ლარი) მშენებლობის სექტორზე მოდის.
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ თბილისს"-ს ახალი მფლობელი ჰყავს
თბილისში, 26 მაისის მოედანზე მდებარე სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისის“ მფლობელი შეიცვალა - ობიექტი „აჭარა ჰოსპიტალიტისგან“ ბიზნესმენ თემურ უგულავას ყოფილი მეუღლის, ნანა (ბაია) დავითაიას კომპანია „დექსი გრუპის“ საკუთრებაში გადავიდა. საჯარო რეესტრში ცვლილება 2026 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა, თავად კომპანია კი დავითაიამ იმავე წლის 8 მაისს დააფუძნა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია. საერთაშორისო ბრენდ IHG-ის ქვეშ მოქმედი 21-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი 3,800 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარეობს, მისი შიდა ფართობი კი 21,360 კვ.მ.-ია. კომპლექსი აერთიანებს 252 ნომერს, რესტორანს, საკონფერენციო სივრცეებს, ღია აუზს, სპა ცენტრს და სპორტდარბაზს. „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი ბიზნესმენი თემურ უგულავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2026 წლის 22 ივნისს, აშშ-ის ნიუ-იორკის შტატში გარდაიცვალა. ჯერჯერობით მის მიერ დაფუძნებული "აჭარა ჯგუფის" სხვა მსხვილი აქტივები მის მემკვიდრეებზე არ გადაცემულა.
Uber-ი Glovo-ს ყიდულობს
მიტანისა და ტაქსის სერვისის ამერიკული გიგანტი Uber-ი მიტანის სერვისის უმსხვილესი ევროპული ჯგუფის, გერმანული Delivery Hero-ს შესყიდვაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს. ივლისში დაანონსებული გარიგების ჯამური მოცულობა $14.8 მილიარდ დოლარია და ის მოიცავს Delivery Hero-ს შემადგენლობაში არსებული ბრენდების, მათ შორის Glovo-ს სრულ შესყიდვას, რის შედეგადაც საქართველოს ბაზარზეც Glovo-ს მფლობელი Uber-ი გახდება.
























