მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: „კოკა-კოლამ“ ბიუჯეტში ₾100 მლნ შეიტანა, „მაკდონალდსმა“ - ₾25 მლნ

63af492749db9
თელარა გელანტია
31.12.22 15:31
15510
„2022 წელმა წარმოუდგენლად კარგად ჩაიარა“ - ამის შესახებ BMG-ს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ და „მაკდონალდს საქართველოს“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ წლის შეჯამებისას განუცხადა.

ბიზნესმენის თქმით, 2022 წელს „მაკდონალდს საქართველოს“ 21 რესტორანი, ჯამში, 11 მილიონ ადამიანს მოემსახურა.

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში „მაკდონალდს საქართველომ“, 25 მლნ ლარამდე შეიტანა. საინტერესოა ის, რომ ჩვენს 21 რესტორანს ბიუჯეტში იმაზე მეტი თანხა შეაქვს, ვიდრე - მთელ ჰორეკა სექტორს“, - თქვა თემურ ჭყონიამ და დასძინა, რომ მხოლოდ წელს სამი ახალი რესტორანი გახსნა.

ჯამში, „მაკდონალდს საქართველოს“ რესტორნების გაფართოებაში კომპანიამ 24 მლნ ლარი ჩადო.

2023 წელს თემურ ჭყონია კიდევ ოთხი ახალი რესტორნის გახსნას აანონსებს. „ეს ყველაფერი ნიშნავს მეტ დასაქმებულს და ბიუჯეტში მეტ თანხას; მთავარია, მთავრობამ სწორად დახარჯოს“, - დასძინა ბიზნესმენმა.

რაც შეეხება „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“, თემურ ჭყონიას ინფორმაციით, კომპანიამ ბიუჯეტში 100 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა. ბიზნესმენის თქმით, 2023 წელს ინვესტირება საწარმოო ხაზის გაძლიერებასა და ტექნოლოგიების განვითარებაში მოხდება. თემურ ჭყონია ამბობს, რომ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ მომავალ წელს 70 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს.

„ზოგადად, არაჩვეულებრივი წელი გვქონდა. მე განვიხილავ ჩემს თავს გამოწვევების გარეშე, ამიტომაც გამოწვევებს ყურადღებას არ ვაქცევ. ჩამოვაყალიბე ბიზნესგეგმა, რომელიც არაა დამოკიდებული გამოწვევებზე. მენტალიტეტი შევცვალე - განათლებას ვუთმობ მაქსიმალურ ყურადღებას, ასევე ტექნოლოგიების დანერგვას და პოზიტიურ განწყობებს, რაც საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს BMG-სთან თემურ ჭყონია.

ბიზნესმენის მთავარი სურვილი და რჩევაც 2023 წლისთვის მარტივია - „ერთმანეთს ვცეთ პატივი და არ მოვკლათ ერთმანეთი“.

„არაა აუცილებელი, გვიყვარდეს ერთმანეთი. მთავარია, ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ. ის, რაც საქართველოში ხდება, ეს არ არის დაპირისპირება, ეს არის მტრული დამოკიდებულება, სასიკვდილოდ რომ იმეტებ ადამიანებს. ჩვენ ვართ ბოლო ზღვარზე და არც ბიზნესის და არც ქვეყნის განვითარებას არ აქვს მნიშვნელობა, თუ ეს ზიზღი არ მოვიშორეთ“, - ამბობს თემურ ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები