მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ DRG მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვაზე გავრცელდება, სადაზღვევოებს გადალაგება მოუწევთ - "პსპ დაზღვევა"

63514b25838a2
ელენე გოგბერაშვილი
21.10.22 09:40
820
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსების სისტემას ცვლის და სამედიცინო დაწესებულებები DRG-ის, იგივე მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების მოდელზე გადაჰყავს. თუ აქამდე სახელმწიფო კლინიკას კონკრეტულ შემთხვევაზე წლების წინ დადგენილი ტარიფების მიხედვით უხდიდა ანაზღაურებას, 1 ნოემბრიდან პაციენტისთვის გაწეული მომსახურება დიაგნოზის მიხედვით ანაზღაურდება. აღსანიშნია, რომ ეს მიდგომა მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეხება და არ ვრცელდება კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ სამედიცინო სერვისების შესყიდვებზე.

როგორც "პსპ დაზღვევის" გენერალური დირექტორი BM.GE-სთან ინტერვიუში განმარტავს, DRG არის დაფინანსების პოლიტიკა/მეთოდი, რომელიც წესით ვრცელდება ნებისმიერ შემსყიდველზე, თუმცა გადაწყვეტილება, რომ ის მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გავრცელდეს, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ამ ნაბიჯით არა თუ ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების პოლიტიკას ცვლის, არამედ მას მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების ინსტრუმენტად იყენებს.

როგორც სოფო ლებანიძე ამბობს, სადაზღვევო ინდუსტრიას სრულად მოუწევს გადალაგება. დიდი ალბათობით შეიცვლება კლინიკებთან არსებული კონტრაქტებიც.

„ჯანდაცვის სისტემას ყოველთვის სჭირდება მწყობრი დაფინანსების პოლიტიკის არსებობა, DRG არის დაფინანსების პოლიტიკა და ბევრ ქვეყანაში, სადაც ის არის იმპლემენტირებული, იგულისხმება რომ ის არის დაფინანსების მეთოდი/პოლიტიკა, რომელიც ვრცელდება ყველა შემსყიდველზე. საქართველოში მივიღეთ ინფორმაცია, რომ DRG-ის მეთოდით ხდება დაფინანსების მეთოდის ცვლილება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს დაფინანსების მეთოდი, ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებზე. თუ ამ პრინციპით ვიმსჯელებთ, რა გადაწყვეტილებაც სახელმწიფომ მიიღო, გამოდის, რომ DRG არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების ინსტრუმენტი და არა ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მოდელი. მე ვფიქრობ, ეს არის საკითხი, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება.

როდესაც DRG-ის იმპლემენტირების შესახებ გავიგეთ, დაზღვევის ინდუსტრია ძალიან აქტიურად ცდილობდა კომუნიკაციის დამყარებას ჯანდაცვის სამინისტროსთან, რამდენადაც DRG არის ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების პოლიტიკა და ჩვენ სადაზღვევო ინდუსტრია, როგორც სამედიცინო სერვისების რიგით მეორე მსხვილი შემსყიდველი, რა თქმა უნდა, უნდა ვყოფილიყავით ჩართულები.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ვითხოვეთ ვყოფილიყავით ამ პროცესში ჩართული და ჩვენი პოზიციები სამინისტროს გაეზიარებინა, სამწუხაროდ ეს კომუნიკაცია ვერ შედგა. გვინდა დავაფიქსიროთ ის, რომ ამ სისტემაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როლი და ჩვენი საკითხები დღის წესრიგში უნდა იყოს დაყენებული. ისევ და ისევ დაფინანსების სისტემა ჯანდაცვის სფეროში არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ სწორი ადმინისტრირება მოხდეს სამედიცინო სერვისების შესყიდვის დროს.

თუ DRG გავრცელდება მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ სადაზღვევო ინდუსტრიას სამედიცინო კონტრაქტების მთლიანად გადალაგება მოუწევს, რადგან ჩვენ არ ვიცით, როგორი რეაგირება ექნება თვითონ სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებს, ანუ სამედიცინო დაწესებულებები როგორ იმოქმედებენ, ამ სიახლის შემდეგ ჩვენთან ურთიერთობაში, როგორი იქნება მათი პოზიციონირება, შეცვლიან თუ არა კონტრაქტებს, რა მიმართულებით წავლენ, ეს ჩვენთვის უცნობია“,-განმარტავს ლებანიძე.

ის "პსპ დაზღვევის" სახელით ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც 1 ნოემბრიდან შედის ძალაში, ძალიან მნიშვნელოვანია და ამ გადაწყვეტილების ფორმატში სადაზღვევო ინდუსტრია აუცილებლად უნდა იყოს ნაგულისხმევი.

„ეს არის ის პროცესი, რომელიც მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გაიარა, საქართველოში ახალი ველოსიპედის გამოგონება არ მოგვიწევს, არის საუკეთესო მაგალითები, რომელიც შეიძლება იყოს ადაპტირებული ჩვენს რეალობასთან.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის ფორმატის ცვლილება, ეს ცვლილება რა თქმა უნდა ძალიან ნეგატიურად აისახება დაზღვევის ბიზნესზე და ნებისმიერ დაზღვეულ მოქალაქეზე, რადგან ნებისმიერი ქცევა, რომელიც არის სამედიცინო დაწესებულებაზე, ეს აისახება პროცესსა და ფასზე. რა თქმა უნდა, ვისურვებთ შეიქმნას მეტი სტიმული, რომ დაზღვევა იყოს მეტად ხელმისაწვდომი“, - ამბობს "პსპ დაზღვევის" გენერალური დირექტორი.

მისი თქმით, როგორ გაგრძელდება 1 ნოემბრიდან სადაზღვევო სექტორსა და კლინიკებს შორის ურთიერთობა, ეს ჯერ არცერთი მხარისთვის არ არის ცნობილი. თუ მხარეებს შორის კონტრაქტები დაკორექტირდება, რისი მოლოდინიც არსებობს, არ არის გამორიცხული კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებისთვის სადაზღვევო პოლისების ღირებულებაც შეიცვალოს.

„ჩვენ რა წინასწარი კომუნიკაციაც გვქონდა სამედიცინო დაწესებულებებთან, ისინი ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა აფიქსირებს იმას, რომ 1 ნოემბრიდან იცვლება სახელმწიფოსთან ურთიერთობის ფორმატი, რაც განაპირობებს ავტომატურად ურთიერთობის ფორმატის ცვლილებას სადაზღვევო ბიზნესთან, მაგრამ როგორ შეიცვლება ეს, ჯერ არ ვიცით, დაზუსტებული ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებებიდან ჯერ არ გვაქვს. არც თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული. რაც შემიძლია ვიწინასწარმეტყველო, უკეთესობისკენ სიტუაცია ნამდვილად არ შეიცვლება. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულებები მიიღებენ ნაკლებ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მათ შემოსავლების გენერირების ალტერნატიული წყარო დასჭირდებათ ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჯიბიდან გადახდები და კერძო დაზღვევიდან წამოღებული თანხების მოცულობა უნდა გაიზარდოს, თუ ეს გაიზარდა და ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი გაიზარდა, ეს უკვე ხელმისაწვდომობის პრობლემებს შექმნის, ბუნებრივია სადაზღვევო პრემია გაიზრდება, ღირებულება დაკორექტირდება სადაზღვევო ტარიფის და ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი დაზღვევის ბიზნესის განვითარებაში“,-განმარტავს სოფო ლებანიძე.

ის, რომ DRG მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეხება სიახლე იყო ჯანდაცვის სპეციალისტებისთვისაც, რომლებიც პრეზენტაციას ესწრებოდნენ, როცა ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს DRG-ზე გადასვლის ვადები გააცნო. დარგის სპეციალისტების შენიშვნაც სწორედ ამ ნაწილს შეეხებოდა.

„გადახდის ტარიფი, გადახდის კოეფიციენტები DRG ჯგუფებზე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო პროგრამას ეხება და არ შეეხება კერძო სადაზღვევო კომპანიებს. აქ ალბათ უნდა გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება ვინც ანალოგიური, ვიტყოდი, შეცდომა დაუშვა. მე კი არ ვამბობ, რომ ეს შეცდომაა, უბრალოდ ეს ყურადსაღები ფაქტია, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს, რომ სადაზღვევო სისტემაც ერთიან სისტემაზე გადავიდეს, სადაც კონკურენცია ჯანდაცვის ბაზარზე წარიმართება არა ფასის მხრივ, არამედ წარიმართება ხარისხისა და მიწოდებული მომსახურების გამოსავლის მხრივ“,-განაცხადა bm.ge-სთან საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ.

პრეზენტაციაზე კლინიკების ნაწილის მხრიდან დაისვა ასევე საკითხი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს სახელმწიფომ მისცეს შესაძლებლობა ე.წ შემავსებელი პაკეტი შეიძინონ და ამით გაიუმჯობესონ საკუთარი ჯანმრთელობის რისკის მართვა.

ამას სადაზღვევო სექტორიც დიდი ხანია ითხოვს. როგორც "პსპ დაზღვევის" გენერალური დირექტორი ამბობს, არგუმენტი, თუ რატომ არ აძლევს მოქალაქეებს სახელმწიფო ამის შესაძლებლობას, მათთვის უცნობია.

„დღეს გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელშიც ჩართულია მოსახლეობის დაახლოებით 80%, და ის ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ მისი რისკი იყოს მართული კერძო სადაზღვევო კონტრაქტით, ის ავტომატურად კარგავს ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მას სახელმწიფომ მისცა. უხეშად რომ ვთქვათ, ადამიანის კეთილი ზრახვა, რომ გაიუმჯობესოს მისი ჯანმრთელობის რისკების მართვა, არის დასჯადი. სახელმწიფო ეუბნება ადამიანს, რომ თუ შენ დაეზღვევი, შენ დაკარგავ ყველაფერს იმას, რაც სახელმწიფომ მოგცა. ვფიქრობ, ეს ძალიან არასწორი მიდგომაა. სახელმწიფომ პირიქით უნდა შექმნას სტიმული, რომ ადამიანს ჰქონდეს უკეთესი ხელმისაწვდომობა, საკუთარი ჯანმრთელობის რისკების მართვაზე.

გაუგებარია, რატომ უნდა ამიკრძალოს სახელმწიფომ ვიზრუნო ჩემს ჯანმრთელობაზე და გავიუმჯობესო რისკების მართვა. რა არგუმენტაციით მეუბნებით, რომ თუ თქვენ დაეზღვევით საყოველთაოს მონაწილე აღარ იქნებით, ეს ჩემთვის რთულად გასაგებია“,-განმარტა bm.ge-სთან სოფო ლებანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები