მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დელიკატესების მწარმოებელი კომპანია „ქართბოლი“ საფირმო მაღაზიას ხსნის

615744c344195
სალომე ჭიპაშვილი
02.10.21 00:20
887
დელიკატესების მწარმოებელი კომპანია „ქართბოლი“ ოქტომბერში პირველ საფირმო მაღაზიას გახსნის. გადაწყვეტილება კომპანიის მენეჯმენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც „ქართბოლის“ პროდუქციის განვითარება მაღაზიათა ქსელებში შეფერხებით მიმდინარეობდა.

„ჩვენი პროდუქცია ისედაც ძვირად ღირებულია და ქსელები კიდევ ფასნამატით ყიდიან, რაც მომხმარებლისთვის არაკომფორტული ხდება, ამიტომაც მიგვაჩნია, გაცილებით მარტივი და ხელსაყრელი იქნება, თუ „ქართბოლის“ პროდუქცია საფირმო მაღაზიაში გაიყიდება“, - აღნიშნავს bm.ge-სთან საუბარში „ქართბოლის“ დამფუძნებელი, გიორგი თუთბერიძე.

„ქართბოლის“ საფირმო მაღაზია იქნება ბუტიკური ტიპის პატარა ხორცპროდუქტების მაღაზია, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში განთავსდება.

„ქართბოლი“ ამ ეტაპზე ხუთი სახეობის პროდუქციას აწარმოებს, ესენია: ღორის ჩალაღაჯი, ნეკნები, ბეკონი, ქათმის ფილე და საქონლის ანტრეკოტი.

„უახლოეს დღეებში ეს ასორტიმენტი მკვეთრად გაიზრდება, ვინაიდან უკვე ჩვენი საფირმო მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ. აგრეთვე ჩვენი ტექნოლოგიით ძეხვეულის წარმოების დაწყებასაც არ გამოვრიცხავთ.“- განაცხადა გიორგი თუთბერიძემ.

„ქართბოლი“-ს პროდუქცია განსხვავებული მეთოდით, ქართული ხორცისგან, ნატურალურ შეშაზე შებოლვით მზადდება, ქიმიური დანამატების გარეშე.

ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დელიკატესების მწარმოებელ კომპანიას 200-250 კგ პროდუქციის წარმოება შეუძლია. კილოგრამის ღირებულება კი საშუალოდ 60 ლარს შეადგენს.

„ქართბოლი“ ქართულ ბაზარზე 2020 წლის დეკემბრიდან ოპერირებს, რომელშიც განხორციელებულმა პირველადმა ინვესტიციამ 100 ათასი ლარი შეადგინა.