მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორი პირველ კომენტარს აკეთებს

61de831f37971
ინგა მურუსიძე
12.01.22 11:27
993
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალი გადაუკვალიფიცირდათ და სასამართლომ ისინი ფულის გათეთრების ნაცვლად, დამნაშავედ თაღლითობის მუხლით ცნო. სამივეს 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუქმდა.

პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გაცნობის შემდეგ, ბრალდება გადაწყვეტს, გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას.

„მივიღებთ სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს, გავეცნობით და შემდეგ გადავწყვეტთ ამ განაჩენის გასაჩივრების საკითხს. ჩვენი მტკიცებულებები საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისთვის და ეს დადასტურდა, რადგან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში იქნა ცნობილი დამნაშავედ.

სასამართლომ ჩვენ მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება გაიზიარა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანდა. სასამართლომ განსხვავებული შეფასება მისცა ჩვენს კვალიფიკაციას და ბრალი შეცვალა კვალიფიკაციის ნაწილში“, - განაცხადა პროკურორმა.

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები