მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხელისუფლება ნახავს, რა ძალა აქვს გაბრაზებულ მედიას“ - ინგა გრიგოლია

60ed791d4365f
ინგა მურუსიძე
13.07.21 16:28
858
"TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დაკრძალეს. ოპერატორებმა მის საცხოვრებელ სახლთან დახრილი "კამერების კორიდორი" მოაწყვეს.

ლექსო ლაშქარავას სახლიდან გასვენების დროს ტელე და რადიოარხების ნაწილმა მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. მათ შორის არიან ტელეკომპანიები: „ოდიში“, „TOK TV“, „გურია“, „მეცხრე ტალღა“, „აგროგარემო“, „TV 25“, „მეცხრე არხი“, „თანამგზავრი“, „TV 4“, „რიონი“, „ბორჯომი tv“ და რადიომაუწყებლები: „ათინათი“, „მწვანე ტალღა“, „ფორტუნა“ და სხვები.

„ლექსოს უნდოდა ამ საქმეზე სამართალი ეპოვა, თუმცა იმედი არ ჰქონდა, რომ ამას საქართველოში მოახერხებდა. აქ ვდგავართ მთელი მედია, ნახავენ რა ძალა აქვს გაბრაზებულ მედიას, რომელიც ქუჩაში გამოგვიყვანეს. დღეს იქნება ერთადერთი დღე, როცა სტუდიაში შევალ, რადგან ლექსოს თანამშრომლები გაიხსენებენ მას, მერე სტუდიაში აღარ შევბრუნდებით, ყველანი აქ ვართ, ყველა მიიღებს პასუხს იმ ბინძურ პროპაგანდაზე, რომელიც მას აუგორეს. გარდაცვლილ ლექსოს პირობა მივეცით - ყველა ნახავს, როგორი ბრძოლა იცის გაბრაზებულმა, სპეცოპერაციაჩატარებულმა მედიამ“, - თქვა „TV პირველის“ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.

"ფორმულას" ერთ-ერთ წამყვან ვახო სანაიას თქმით, "ბრძოლა ხვალიდან გაგრძელდება".

„ამ გზას უკანასკნელს უწოდებენ, თუმცა ეს არ არის უკანასკნელი გზა. დღეს ვაცილებთ ჩვენს კოლეგას, რომელიც მოგვიკლეს, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ სტუდიებში არ შევალთ და ჩვენი პროტესტი გაგრძელდება. ვაჩვენებთ ყველას, როგორი პროტესტი იციან ჟურნალისტებმა. ყველა საჭირო ფორმით, მშვიდობიანი გზით ვაგებინებთ პასუხს ყველას“, - განაცხადა ვახო სანაიამ.

შეგახსენებთ: 5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისში "TV პირველის" ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ათეულობით ადამიანმა სცემა. ლაშქარავა თვალისა და სახის ძვლების დაზიანებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მაგრამ ის 10 ივლისს გამოწერეს. ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს დილით დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები