Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ცვლილებები ჯანდაცვაში - რამდენად თანმიმდევრულია ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა?

BM.GE
12.07.23 11:34
60
გასულ კვირას ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებს ახალი ინიციატივა წარუდგინა, რომელიც ექიმებისა და ექთნების შემდეგ მინიმალური ხელფასის დაწესებას სხვა მედპერსონალისთვისაც ითვალისწინებს. საუბარია სანიტრის, უმცროსი ექიმის, ექთნის დამხმარის, ექთნის თანაშემწისა და დამლაგებლის პოზიციაზე დასაქმებულებზე, რომელთაც კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროს განსაზღვრულ თანხაზე ნაკლებს ვეღარ გადაუხდიან. ჯამში საუბარია 6 ათასამდე ადამიანზე, რომელთაც რეფორმა სავარაუდოდ სექტემბრიდან შეეხებათ. 

სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის ინვარიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, ექთნების კი საათში 4.4 ლარით განისაზღვრა. 

რა იქნება სხვა მედპერსონალისთვის მინიმალური ხელფასის ზღვარი, ამაზე შეთანხმებისთვის სამინისტროსა და კლინიკებს შორის ვადა დღეს იწურება. სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ რეფორმის შედეგად კლინიკებს სახელფასო ანაზღაურების დაახლოებით 9%-ით გაზრდა მოუწევთ. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ მედპერსონალისთვის ღირსეული ანაზღაურების მიცემა თავად კლინიკების ინტერესში შედის, თუმცა ამის შესაძლებლობა კლინიკებს უნდა გააჩნდეთ. 

მაგალითად, კლინიკების ნაწილი ამბობს, რომ დაფინანსების ახალ DRG მოდელით განსაზღვრულ ტარიფებში სამინისტროს ხელფასების ზრდის კომპონენტი გათვალისწინებული არ აქვს, რაც სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიუღებელია. 

კერძო სექტორისთვის მიუღებელია ასევე ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გაფრთხილება, რომ თუ კლინიკა პერსონალს ხელფასს დაუგვიანებს და ან ნაწილობრივ ჩაურიცხავს, მათი მანდატის ფარგლებში მოითხოვენ სამინისტრომ კონკრეტულ კლინიკას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მისაღები თანხა დაუკავოს. საპასუხოდ კლინიკები ამბობენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა თვეობით იგვიანებს, რაც რიგ შემთხვევებში მიზეზია, რის გამოც მედპერსონალი დროულად სახელფასო ანაზღაურებას ვერ იღებს. 

ამის პარალელურად სამედიცინო დაწესებულებები აქტიურ მზადებაში არიან საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად, რაც ასევე სოლიდურ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის ამ რეგულაციის დაკმაყოფილება 2025 წლის იანვრიდან ხდება სავალდებულო. მოკლედ, რომ ვთქვათ, ჯანდაცვაში მიმდინარე პროცესები დღის წესრიგიდან არ იხსნება.

სტუმარი: ქეთი ჩხატარაშვილი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი