მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორ თვეში თამბაქოზე ფასი 20%-ით გაიზრდება - ზვიად სხვიტარიძე

6272903a105d6
ლიკა გურაბანიძე
05.05.22 00:00
1583
ეკონომიკისა და სამართლებრივ საკითხებში ექსპერტს ზვიად სხვიტარიძეს დაახლოებით ორ თვეში თამბაქოზე 20%-იანი ფასის მატება გარდაუვალ პროცესად მიაჩნია. როგორც მან BMG-სთან საუბრისას განაცხადა, საქართველოში თამბაქოს იმპორტიორ კომპანიებს არსებული ფასების შენარჩუნება უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახალი ბაზრების ათვისების შემდეგ გაუჭირდებათ.

“ჯერ კომპანიები ფასებს არ აძვირებენ, თუმცა საბოლოო ჯამში მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში თამბაქოზე ფასი ცალსახად გაიზრდება, რადგან კომპანიები უკრაინის ბაზრიდან ახალ ბაზრებზე (იმპორტიორები ალტერნატიულ ბაზრად ევროპას განიხილავენ) უნდა გადაერთონ და არსებული ფასის შენარჩუნებას ვერ მოახერხებენ. ახლა ზოგიერთი კომპანია იმპორტს ევროპის ე.წ. დუტი ფრის ბრენდებისგან ახორციელებს, რაც ჩვეულებრივ პროდუქტზე უფრო ძვირია. კომპანიები ფასებს ორი თვე შეინარჩუნებენ, შესაძლოა მისი შენარჩუნება უფრო ნაკლებ პერიოდში, მაგალითად თვენახევარში შეძლონ", - განმარტა სხვიტარიძემ.

ცნობისთვის: საქართველო თამბაქოს 80%-ს უკრაინიდან იღებდა და საერთაშორისო კომპანიებიც საქართველოსთვის განკუთვნილი პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ უკრაინაში აწარმოებენ. ომის გამო, სხვა სექტორებთან ერთად თამბაქოს წარმოებაც დაზარალდა. საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, სანამ კომპანიები შეძლებენ საწარმოო სიმძლავრის გამართვას, ამოქმედდეს გარკვეული შეღავათები, რომლებიც შეფუთვის წესებს ახლებურად დაარეგულირებს. კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შეზღუდული დროით საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელონ თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებების გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე სტიკერის სახით დაკვრა. როგორც მთავრობაში განმარტავენ, საომარი მოქმედებების გამო, უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებულ ქარხნებში პროდუქციის წარმოება და მასზე სამედიცინო გაფრთხილებების განთავსება/დაბეჭდვა შეუძლებელია.