ევროპის 38 ბაზარზე არალეგალური სიგარეტების, კონტრაბანდული და ფალსიფიცირებული პროდუქციის მოხმარება 2025 წელს გაიზარდა - ამის შესახებ საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია KPMG-ის მიერ მომზადებული კვლევიდან ხდება ცნობილი.
კვლევის მიხედვით, ევროპაში მოხმარებული არალეგალური სიგარეტების მოცულობამ 55.3 მილიარდ ღერს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 3.1 მილიარდი ღერით, ანუ 5.9%-ით მეტია.
კვლევის შეფასებით, ამ პროდუქციის ლეგალურად გაყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტები ჯამში დაახლოებით 22.4 მილიარდ ევროს მიიღებდნენ აქციზისა და დღგ-ის სახით. აღნიშნული თანხა 2024 წლის მაჩვენებელზე 3 მილიარდი ევროთი მეტია. უშუალოდ ევროკავშირის ქვეყნებისთვის კი საბიუჯეტო დანაკარგი 16,7 მილიარდ ევროს აღწევს.
არალეგალური სიგარეტის წილი ევროპის ბაზარზე 2025 წელს მთლიანი მოხმარების დაახლოებით 11.1%-ს შეადგენდა.
არალეგალური ბაზრის ზრდის ერთ-ერთი მთავარ მიზეზად სიგარეტის ფასების ზრდა სახელდება.ასევე იზრდება ფალსიფიცირებული პროდუქციის წარმოება, მათ შორის ევროპის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო საწარმოებში.
კვლევის მონაწილე ქვეყნების მიხედვით, ყველაზე დიდი ფინანსური დანაკარგი საფრანგეთს აქვს, სადაც არალეგალური სიგარეტის მოხმარების შედეგად ბიუჯეტის შესაძლო დანაკარგი, დაახლოებით, 7.3 მილიარდ ევროს შეადგენს.
1. საფრანგეთი - €7.3 მილიარდის დანაკარგი
საფრანგეთში 2025 წელს, დაახლოებით, 20.5 მილიარდი არალეგალური სიგარეტი მოიხმარეს. არალეგალური ბაზრის წილმა ქვეყანაში 41.4%-ს მიაღწია - ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში.
კვლევის მიხედვით, პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია შიდა ბაზარზე გავრცელებული ფალსიფიცირებული პროდუქცია და არალეგალური წარმოება.
2. გაერთიანებული სამეფო - €5.7 მილიარდის დანაკარგი
გაერთიანებულ სამეფოში არალეგალური ბაზრის წილი 32%-ს შეადგენს. ქვეყანაში დაახლოებით 7.3 მილიარდი არალეგალური სიგარეტი მოიხმარეს.
კვლევის მიხედვით, ბაზარზე ძირითადად ყალბი პროდუქცია და შესაბამისი მარკირების გარეშე არსებული სიგარეტები ვრცელდება.
3. უკრაინა - €1.1 მილიარდის დანაკარგი
უკრაინაში არალეგალური სიგარეტის მოხმარებამ 5.1 მილიარდ ღერს მიაღწია, ხოლო ბაზრის წილმა 15.9% შეადგინა.
ძირითად გამოწვევად კვლევა კონტრაბანდასა და შიდა არალეგალურ წარმოებას ასახელებს.
4. ნიდერლანდები - €900 მილიონის დანაკარგი
ნიდერლანდებში არალეგალური ბაზრის წილი 22%-ზე მეტია. ქვეყანაში დაახლოებით 2.1 მილიარდი არალეგალური სიგარეტი მოიხმარეს.
კვლევის მიხედვით, ფასების ზრდამ ხელი შეუწყო მომხმარებელთა ნაწილის გადასვლას იაფ, არალეგალურ პროდუქტზე.
5. ბელგია - €750 მილიონის დანაკარგი
ბელგიაში არალეგალური ბაზრის წილი დაახლოებით 25%-ს შეადგენს. ქვეყანაში მოხმარებული არალეგალური სიგარეტის მოცულობა 2 მილიარდზე მეტია.
კვლევის მიხედვით, მაღალი გადასახადების გამო ბელგია ასევე იქცა რეგიონში არალეგალური წარმოების ერთ-ერთ ცენტრად.
6. გერმანია - €650 მილიონის დანაკარგი
გერმანიაში არალეგალური ბაზრის წილი შედარებით დაბალია - დაახლოებით 3.5-4%, თუმცა მოსახლეობისა და სიგარეტის მოხმარების დიდი მოცულობის გამო, ფინანსური დანაკარგი 650 მილიონ ევრომდე აღწევს.
7. ირლანდია - €420 მილიონის დანაკარგი
ირლანდიაში არალეგალური ბაზრის წილი 35%-ს შეადგენს. კვლევის მიხედვით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში თამბაქოზე მაღალი აქციზური განაკვეთებია.
8. პოლონეთი - €350 მილიონის დანაკარგი
პოლონეთში არალეგალური ბაზრის წილი დაახლოებით 4.2%-ია, თუმცა ქვეყანა მნიშვნელოვან სატრანზიტო მიმართულებად რჩება.
ბიუჯეტის სავარაუდო დანაკარგი 350 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
9. საბერძნეთი - €310 მილიონის დანაკარგი
საბერძნეთში არალეგალური ბაზრის წილი 17.5%-ს შეადგენს. კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი ფაქტორია საზღვაო გზებით შემოსული კონტრაბანდული პროდუქცია.
10. ესპანეთი - €280 მილიონის დანაკარგი
ესპანეთში არალეგალური სიგარეტის ბაზრის წილი დაახლოებით 3.8%-ია. ძირითად მიზეზებად დასახელებულია რეგიონული კონტრაბანდა და არალეგალური წარმოება.
11. იტალია - €220 მილიონის დანაკარგი
იტალიაში არალეგალური ბაზრის წილი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია - დაახლოებით 2.1%. თუმცა ქვეყნის დიდი მოსახლეობის გამო, ბიუჯეტის დანაკარგი მაინც 220 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
12. რუმინეთი - €190 მილიონის დანაკარგი
რუმინეთში არალეგალური ბაზრის წილი დაახლოებით 6%-ია. კვლევა აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში სასაზღვრო კონტროლის გაძლიერების შედეგად არალეგალური ვაჭრობის მოცულობა შემცირდა.
KPMG-ის კვლევა აჩვენებს, რომ კონტრაბანდული და ფალსიფიცირებული თამბაქოს პროდუქტებით ვაჭრობა მხოლოდ სამართალდამცავი ან საბაჟო კონტროლის პრობლემა აღარ არის. არალეგალური ბაზრის ზრდა უკვე სერიოზულ ეკონომიკურ და ფისკალურ გამოწვევად იქცა, რომელიც ევროპის სახელმწიფოებს ყოველწლიურად მილიარდობით ევროს აკარგვინებს და ამავდროულად ხელს უწყობს ორგანიზებული დანაშაულის დაფინანსებას.
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ განსაკუთრებით მაღალი არალეგალური მოხმარება იმ ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც ლეგალურ და არალეგალურ პროდუქციას შორის ფასობრივი სხვაობა მკვეთრად არის გაზრდილი. ამ ფონზე, მხოლოდ გადასახადების ზრდა ან მოთხოვნის შემცირებაზე ორიენტირებული პოლიტიკა საკმარისი არ აღმოჩნდება.
ევროპის გამოცდილება აჩვენებს, რომ არალეგალური ვაჭრობის შემცირება მხოლოდ კომპლექსური მიდგომითაა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოები გააგრძელებენ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო შემოსავლების დაკარგვას, ხოლო მომხმარებლები დარჩებიან უკონტროლო და ხშირად გაურკვეველი წარმოშობის პროდუქციის რისკების წინაშე.




























