მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

450 დასაქმებულიდან მხოლოდ 15%-ს დავტოვებთ - „ბევრილი ჯგუფი“ წისქვილს ხურავს

61e1899e6189b
ელენე გოგბერაშვილი
15.01.22 10:09
4794
საქართველოში წისქვილკომბინატები ერთმანეთის მიყოლებით იხურება და ადგილზე წარმოებულ ფქვილს იმპორტირებული ანაცვლებს. მიზეზი მეზობელი სახელმწიფოს, რუსეთის მხრიდან ხორბლის იმპორტზე დაწესებული მცურავი საბაჟო ტარიფია, რამაც ქართველ იმპორტიორებს ხორბალი თითქმის 100 დოლარით გაუძვირა. ხორბლისგან განსხვავებით მსგავსი ტარიფები არ მოქმედებს ფქვილის იმპორტზე. შედეგად კი ადგილობრივ წარმოებასთან შედარებით ფასთაშორის დიდი განსხვავების გამო ფქვილის იმპორტმა ხორბლის იმპორტი ჩაანაცვლა.

ის, რომ საქართველო მეტწილად რუსული ფქვილის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ხდება, ამას ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკაც. თუ გასული წლის 11 თვის მონაცემს 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, ვნახავთ, რომ რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შემცირების ფონზე ფქვილის იმპორტი სამჯერ არის გაზრდილი.



იმპორტირებულ ფქვილთან არათანაბარი კონკურენციის გამო ქვეყანაში 10-ზე მეტმა წისქვილკომბინატმა საქმიანობა უკვე შეაჩერა. ხორბლის მარაგების ამოწურვის შემდეგ ადგილობრივი წარმოების გაჩერებას აპირებს „ბევრილი ჯგუფიც“. წისქვილკომბინატს, რომელიც დღეს 450-მდე ადამიანს ასაქმებს, ფქვილის იმპორტზე გადავა და თანაშრომლების 80%-ზე მეტის სახლში გაშვება მოუწევს.

„გადამუშავებული უფრო ძვირი ღირს, ვიდრე შემოტანილი ფქვილი, რადგან ხორბლის ექსპორტის დროს საბაჟო მოსაკრებელი გაზრდილია(25 დოლარიდან 98 დოლარამდე), ფქვილზე კი არ არის საბაჟო მოსაკრებელი. 80 დოლარით უფრო ძვირია ჩვენი პროდუქცია, ვიდრე რუსეთიდან იმპორტირებული. ჩვენს ფქვილსა და იმპორტირებულს შორის 10-12 ლარიანი სხვაობაა.

თუ ვერ გავყიდით ჩვენს პროდუქციას, როგორ შევინარჩუნოთ წარმოება? გადავეწყობით იმპორტზე და დავხურავთ წარმოებას, ხალხს გავუშვებთ სახლში და იმ კონტიგენტიდან, რაც მუშაობს, დარჩება 10-15%. სპეციალისტები ყველა გაიქცევა სამუშაოდ საზღვარგარეთ და სამწუხაროა, რომ მათი დაბრუნება შეუძლებელია.

2 თვეა ხორბალი აღარ გვიყიდია. იმ მარაგებს ვამუშავებთ, რაც გვქონდა და ესეც მალე მორჩება. მთავრობამ თუ არ მოიმოქმედა რაიმე, გამოსავალი არ ჩანს. იმისთვის, რომ კონკურენცია გავუწიოთ იმპორტირებულ ფქვილს, ის, რა ბარიერიც რუსეთმა შექმნა ხორბალზე, საპირისპირო უნდა შემოიტანოს ფქვილზე ჩვენმა მთვარობამ. თუ არა ვჩერდებით. ვინც დარჩა ბაზარზე ძველი კონტრაქტებით შემოაქვს ხორბალი, ახალს არავინ აღარ ყიდულობს. ბევრი გაჩერდება და გადაეწყობა ფქვილის იმპორტზე.

მაგალითად ჩვენს წარმოებაში 450 კაცია დასაქმებული, დარჩება 15%, მტვირთავები და ბუღალტერიის ნაწილი“-აცხადებს bm.ge-სთან საუბარში ბესიკ ღადუა.