მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ სჯერა მთავრობას პურის ფასის შენარჩუნების გარანტიების?

6425e9a1e0a4a
ალა ისპირიანი
30.03.23 23:27
694
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ მთავრობას პურის ფასის შენარჩუნების გარანტია შესთავაზა. შეთავაზება გულისხმობს დაწესდეს დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელი იმპორტირებულ ფქვილზე, რაც ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს გაათანაბრებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცურავი საბაჟო გადასახადი შემოიღო, რითაც ხორბლის ფასი გაზარდა, პარალელურად კი, საიმპორტო ქვეყნებს ფქვილი შესთავაზა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, იმპორტიორებს ურჩევნიათ პირდაპირ ფქვილი შემოიტანონ, რითაც ადგილობრივ ნედლეულს რეალიზაციის პრობლემა გაუჩნდა. აღნიშნულმა ის გამოიწვია, რომ ადგილობრივი წისქვილკომბინატების მუშაობა არაკონკურენტული გახდა და გაჩერდნენ.  

ასოციაცია კი მთავრობას ეუბნება, რომ ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი მოსაკრებლის შემოღების შემთხვევაში წისქვილკომბინატები მუშა პროცესის აღდგენას შეძლებენ. თუმცა, როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში თქვა მთავრობას ასოციაციის გარანტიების ბოლომდე არ სჯერა.

იგი ამის კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებს, მაგრამ კითხვაზე, - შეიძლება მთავრობა რუსეთის მიმართ დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელის დაწესებას გაურბოდეს, რადგან მისი გაღიზიანების ეშინია? - ის პასუხობს, რომ ფქვილის თემა რუსეთისთვის სტრატეგიული არ არის და შესაბამისად წინააღმდეგობაც არ იქნება.

„ალბათ რაღაც ბალანსის დაცვა სწორიცაა. თუ რუსეთთან მიმართებაში ვიმსჯელებ, ნებისმიერი აქტიურობა შეიძლება განახორციელოს ნებისმიერი მოტივით... ასევე ფქვილის თემა რუსეთისთვის იმდენად სტრატეგიული არ არის და აქ წინააღმდეგობა არ იქნება“, - განაცხადა სილაგავამ

კითხვაზე, - იმის გამო რომ საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, რაიმე პრობლემა ხომ არ არის, რომ შეზღუდვა მხოლოდ რუსეთისთვის დაწესდეს? - მას უპასუხა, რომ არსებობს გამონაკლისები, რაც ამ შემთხვევას არ ზღუდავს.

„ჩვენ ვართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, მაგრამ იქ არის გამონაკლისები, მეცხრამეტე მუხლი არსებობს სადაც აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ქვეყნის ადგილობრივ წარმოებას თუ ემუქრება გაჩერება ქვეყანას უფლება აქვს დროებითი დამაბალანსებელი ღონისძიება შემოიღოს იმისათვის, რომ ადგილობრივმა წარმოებამ მუშაობა გაგრძელოს. მითუმეტეს ეს სტრატეგიული წარმოებაა და არა ჩვეულებრივი.ძალიან ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მიმართა ამ პრაქტიკას“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები