მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოიპოვა ევროკავშირმა რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა?

გაზი ევროპაში

რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დასავლეთისთვის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება სტრატეგიული გამოწვევაა, ნავთობისა და გაზის მიწოდება კი ეკონომიკური ბერკეტებია, რომელთაც რუსეთის მთავრობა და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აქტიურად იყენებენ საერთაშორისო პოლიტიკის განსასაზღვრად.

ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ევროკავშირში იმპორტირებული გაზის 40-45% რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა, თუმცა ამჟამად უკვე ეს მაჩვენებელი 5%-მდეა შემცირებული.

ანალოგიური ვითარებაა ნავთობთან მიმართებითაც, 2022 წელს რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ევროკავშირის მასშტაბით 27% იყო, თუმცა ახლა ის უკვე 3%-ზე ნაკლებია.

დრამატულადა შემცირებული ქვანახშირის, თხევადი გაზის და სხვა სახის ბუნებრივი რესურსების იმპორტიც. საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ევროკავშირმა რუსეთისგან სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროკავშირის ახალ ენერგეტიკულ სტრატეგიასაც, რომელიც ხარჯების შემცირებას და ენერგიის მაქსიმალურად დაზოგვას ითვალისწინებს, ეს სტრატეგია განსაკუთრებით ეფექტური მსხვილ საწარმოებთან მიმართებით აღმოჩნდა, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარენ.

კიდევ ერთი ფაქტორი სტრატეგიული რეზერვების შევსებას უკავშირდება, ამჟამად ევროკავშირის ენერგეტიკული რეზერვების 100% შევსებულია, რაც იმის გარანტიას წარმოადგენს, რომ რეგიონში ბუნებრივი აირის მწვავე დეფიციტი არავითარ შემთხვევაში არ დადგება, მიუხედავად ცივი ზამთრისა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემის გადაწყობას უკავშირდება. უმოკლეს პერიოდში ევროკავშირის წამყვანი ეკონომიკები ბუნებრივი აირიდან თხევად გაზზე გადაერთნენ. ათამდე LNG პორტი თითქმის სამ თვეში აშენდა, რაც ნამდვილად უპრეცედენტო მაჩვენებელია. თხევადი გაზის წყალობით ევროკავშირმა რუსეთის ჩანაცვლება შეძლო, LNG-ის მთავარი მიმწოდებლები კი ამერიკის შეერთებული შტატები და კატარი გახდნენ.

გარდა ამისა, დასავლეთი აქტიურად მუშაობს ალტერნატიული მიწოდების წყაროებზე, მათ შორის, ახალი კონტრაქტები ფორმდება აზერბაიჯანთან, თურქეთთან და გალფის ქვეყნებთან.

ამ ყველაფრის ფონზე, 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, ევროკავშირის მასშტაბით გაზის ფასი 92%-ითაა შემცირებული; ნავთობის გაიაფებს მაჩვენებელი კი 35%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები