მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების მკვეთრ ზრდას მოელიან

რუსული ნავთობი

რუსეთის ფედერაცია ენერგორესურსების რეალიზაციასთან დაკავშირებით განახლებულ მონაცემებს ასაჯაროებს. როგორც ჩანს, გასული 2023 წლის განმავლობაში ნავთობისა და გაზის გაყიდვით მოსკოვმა დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 24%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ასეთი დრამატული კლების მიზეზად დასავლეთის სანქციები და ევროკავშირის ბაზრიდან რუსული რესურსების განდევნა სახელდება. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გასული წლის განმავლობაში რუსული ნავთობის ფასი მკვეთრად იყო შემცირებული, რაც შემოსავლებზე ნეგატიურად აისახებოდა.

ერთი შეხედვით, ყველაფერი ისე ჩანს, როგორც დასავლეთს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა საქმე ასე არ არის. სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, რუსეთის მთავრობამ მომავალი წლის პროგნოზიც გაავრცელა, რომლის თანახმად, 2024 წლის ბოლოს ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები 30%-ით გაიზრდება და ბიუჯეტი რეკორდული მოცულობის სარგებელს მიიღებს.

თავად ეს დინამიკა იმ მოცემულობით იქნება განპირობებული, რომ საუდის არაბეთმა და რუსეთმა ბირჟაზე ხელოვნურად შექმნეს სანავთობო დეფიციტი, რითაც ენერგორესურსები გააძვირეს. გარდა ამისა, გაზრდილია ექსპორტის მოცულობაც, რასაც ის ფაქტი განაპირობებს, რომ ამჟამად ინდოეთი და ჩინეთი რეკორდული მოცულობის რუსულ ნავთობს ყიდულობენ.

თუკი ეს პროგნოზი გამართლდება, რუსეთი დაახლოებით 130 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს ნავთობითა და გაზით. ამ თანხის უდიდესი ნაწილი კი ბიუჯეტის დაფინანსებას და შეიარაღების გაძლიერებას მოხმარდება.

რუსეთთან მიმართებით პოზიტიური მოლოდინები აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც. IMF-ის შეფასებით, მიმდინარე 2024 წელს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა 2.6%-ით გაიზრდება, რაც თითქმის ორჯერ მეტი იქნება წინა პროგნოზთან შედარებით. IMF-ის განახლებულ დოკუმენტში, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავს, ყველაზე მკვეთრი დაწინაურება სწორედ რუსეთს აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმარტებით, მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები სამთავრობო ხარჯების ოპტიმიზაციით და ენერგორესურსების გაძვირებითაა განპირობებული.

აქვე უნდა გითხრათ ისიც, რომ გასული 2023 წელი რუსეთის უმდიდრესი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით პოზიტიური აღმოჩნდა - Bloomberg-ის შეფასებით, მილიარდერი მოქალაქეების ქონების საერთო შეფასება დაახლოებით 50 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

შვეიცარიული UBS-ის ანალიტიკური დეპარტამენტი გაცილებით უფრო საინტერესო მონაცემებს ასაჯაროებს, მათი გამოთვლებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მოსახლეობა თითქმის 600 მილიარდი დოლარით გამდიდრდა, ცხადია, ეს მაჩვენებელი მხოლოდ ელიტას არ მოიცავს და ის მთელ ქვეყანას აერთიანებს.

თითქმის ყველა რუს მილიარდერსა თუ ოლიგარქს კარგად აქვს საქმე, ეს კი იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ყოველი მათგანის სიმდიდრე ქვეყნის ბუნებრივ რესურსებთანაა დაკავშირებული. როგორც იცით, რუსეთში ფულს სწორედ ის შოულობს, ვინც მიწიდან რაღაცას თხრის და შემდეგ მას უცხოეთში ყიდის.

უფრო მეტიც, არა მარტო მილიარდერების, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკა სწორედ ბუნებრივი რესურსების რეალიზაციაზე დგას. უფრო კონკრეტულად, მთლიანი შიდა პროდუქტის 60% ნავთობის და გაზის ექსპორტზე მოდის; მთავრობის საბიუჯეტო შემოსავლებში კი ენერგორესურსების წილი 70%-ს აჭარბებს.

მართალია, უკრაინის წინააღმდეგ ომი უკვე თითქმის მეორე წელიწადია გრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში დასავლეთმა სანქციების 12 პაკეტიც დაამტკიცა, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ვერ აღმოჩნდა საკმარისი პუტინის ომის მანქანის შესაჩერებლად და უმდიდრესი ელიტის შესაწუხებლად, რადგან ვხედავთ, რომ მათ საქმე ცუდად ნამდვილად არ აქვთ და ზოგიერთი მათგანი ახლა იმაზე უფრო მდიდარია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

თუკი 2024 წელს რუსეთი მართლაც 30%-ით მეტ შემოსავლებს მიიღებს, მაშინ ჩვენთვის კარგად ნაცნობი მილიარდერები ახალ რეკორდებსაც დაამყარებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები