მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამ გამარჯვებამ კომპანიას ხარჯები გაუნახევრა” - საქართველოს რკინიგზა მწვანე ევროობლიგაციების განთავსებაზე

60d047a4799b8
ლიკა გურაბანიძე
22.06.21 00:12
669
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 7-წლიანი ვადით, წლიურ 4%-ად, 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ევროობლიგაციები განათავსა. ამ ტრანზაქციის განთავსების თანაწამყვანი აგენტები - JP Morgan, Citi, Renaissance Capital და თიბისი კაპიტალი არიან, თანამენეჯერი კი - Galt & Taggart-ია. გარიგებაში იურიდიულ მრჩევლებს ინგლისური და ამერიკული სამართლის კუთხით - Dechert და Linklaters, ქართული სამართლის კუთხით კი MG Law და BLC Law წარმოადგენენ.

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, რამაც კომპანიას ხარჯები გაუნახევრა.

“რვა თვის განმავლობაში გუნდთან და პარტნიორებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში ვიყავით ჩართულები. მოძრაობა შეზღუდული იყო და ონლაინ რეჟიმში მუშაობა მოგვიწია, რაც პირველი დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა გუნდმა სირთულეების გადალახვა მოახერხა.

ამ გამარჯვებამ კომპანიას ხარჯები გაუნახევრა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის პირველი, როგორც საქართველოში ისე სამხრეთ კავკასიაში, როდესაც სატრანსპორტო კომპანიას “მწვანე” სტატუსი მიენიჭა. “მწვანე” სტატუსი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მსოფლიოში არსებული სტანდარტები შესრულეუბლი გვაქვს. რკინიგზაში გარემოზე გავლენა ყველაზე ნაკლებია და ჩვენ ამ სტანდარტებს ბოლომდე მივყვებით და ვასრულებთ, რამაც შედეგიც გამოიღო.” - განმარტა ფერაძემ.

TBC Capital-ის მმართველი დირექტორის მერი ჩაჩანიძის თქმით კი, პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო, თუმცა მისი დაძლევა ერთობლივი მუშაობით მოხერხდა.

“მინდა რკინიგზის მენეჯმენტის მაღალპროფესიულ მუშაობას ხაზი გავუსვა, რადგან ევროობლიგაციების განთავსება საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. აქ არის ორი ნაწილი, ერთი წინამოსამზადებელი პერიოდი, ხოლო მეორე - ვირტუალური მუშაობის პროცესი, რომელსაც გუნდმა თავი არაჩვეულებრივად გაართვა. სამი დღის განმავლობაში შეუჩერებლად ინვესტორებისთვის ხდებოდა რკინიგზის ისტორიის და საქართველოს საკრედიტო ისტორიის მიყიდვა, რაც გუნდმა მოახერხა.

რაც შეეხება ტრანზაქციას, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, ყველაზე დაბალი კუპონი დაჯდა, რისი მოლოდინიც არ გვქონდა. ეს ქვეყნის წარმატებაცაა, რადგან ამით ახალი სტანდარტი და ბენჩმარკი დადგინდა, რომლითაც სამომავლოდ მსგავსი, ან არამსგავსი კომპანიები, როგორც კერძო, ასევე საერთაშორისო ინვესტორების მიერ შეფასდებიან.” - განმარტა ჩაჩანიძემ.

როგორც Galt&Taggart-ის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ განმარტა, ბაზარზე საინვესტიციო ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა არის.

“სასწაულებრივი შედეგი დაიდო. მწვანე სტატუსის მინიჭება, ამ წარმატებული განთავსების საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. ამან კარები იმ ფონდებს გაუხსნა, რომლებიც ამ პროცესში ფულს მხოლოდ ამ გზით ჩადებდნენ. კონკრეტული დიდი ფონდები არსებობს, რომლებსაც წესდებაში უწერიათ, რომ თავისი პორტფელის გარკვეული ნაწილი აუცილებლად მწვანე ინვესტიციაში უნდა განახორიცელონ.

როდესაც ევროობლიგაციების განთავსება დასრულდა, მოთხოვნა კიდევ იყო. კერძოდ, კიდევ იქნებოდა თუ არა დამატებითი ფასიანი ქაღალდები. ინვესტორებს მოლოდინი და მზაობა ჰქონდათ, რომ ისინი ინვესტირებას მოახდენდნენ. პანდემიის მიუხედავად, ისინი მზად იყვნენ, რომ საქართველოს რისკი ეყიდათ", - აღნიშნა ოთარ შარიქაძემ.

ცნობისთვის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) რკინიგზის მიერ გამოშვებულ $500 მილიონიან ევრობონდებში $50 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

რკინიგზის მიერ აღებული ახალი ვალი ორგანიზაციის მიერ 2012 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირებისთვისაა განკუთვნილი. 10 წლის წინ გამოშვებული ბონდების განაკვეთი 7.5% იყო, შესაბამისად, ახალი ვალის განაკვეთი თითქმის ორჯერ დაბალია. ამასთან, ახალი ევრობონდის დაფარვის ვადა შვიდ წელს შეადგენს. ამ პირობების თანახმად, კომპანიამ კუპონის სახით წელიწადში $20 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს, რაც წინა ობლიგაციის დროს წლიურად გადახდილ თანხასთან შედარებით $18 მილიონით ნაკლებია.