ზვიად ჩხარტიშვილის აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას სახელმწიფოს მხრიდან კერძო კომპანიებთან კონკურენციაში შესვლას. ამის შესახებ „APM ტერმინალს ფოთის“ კომერციული ურთიერთობის დირექტორმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
ჩხარტიშვილს მაგალითად მოჰყავს შუა დერეფანი, რომლის განვითარების მიზნით საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების ერთობლივი კომპანია შეიქმნა და კერძო სექტორი ჩართული არაა, რაც მისივე შეფასებით, შესაძლებლობების დაკარგვას იწვევს.
„უშუალოდ პორტის სახელით არა, ჩემი სახელით ვიტყოდი, რომ წერტილი უნდა დაესვას სახელმწიფოს მიერ კერძო კომპანიებთან კონკურენციაში შესვლას. თქვენ იცით, რომ შეიქმნა სახელმწიფო კომპანიები, სახელმწიფო ტერმინალი, სახელმწიფო გადამზიდავი. დღეს, კერძო კომპანიები არ არიან ჩართულნი შუა დერეფნის განვითარების პროცესში, სახელმწიფოები არიან, ისინი იკრიბებიან წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ოქმები არის ძალიან ლამაზი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ გადის დრო და ეს შესაძლებლობა იკარგება. ვახსენე, რომ 44%-ით მოიმატა გადაზიდვებმა სანქცირებულ დერეფანში. ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა შექმნას საკანონმდებლო ბაზა, საერთაშორისო კონვენციებს უნდა მიუერთდეს, რომ ჩვენ გაგვიმარტივოს ოპერირება, ბიზნესი უნდა აკეთოს ბიზნესმა“,- ამბობს ზვიად ჩხარტიშვილი.
გასულ წელს, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზებმა ერთობლივი კომპანია - Middle Corridor Multimodal დააფუძნეს, რომელმაც სახმელეთო გადაზიდვების კოორდინაცია და ერთობლივი სატარიფო სისტემის შექმნა უნდა უზრუნველყოს. კომპანიის საქმიანობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე კითხვით BMG-მ „საქართველოს რკინიგზას“ მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ განმარტავენ, „კანონისმიერი ვალდებულების არარსებობის გამო სს „საქართველოს რკინიგზა“ არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გამცემ დაწესებულებას“.