ზვიად ჩხარტიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღება „კარგს არაფერს მოგვიტანს“.
ასე უპასუხა ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია „APM ტერმინალს ფოთის“ კომერციული ურთიერთობის დირექტორმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.
„APM ტერმინალს ფოთი“ ევროპული კომპანიაა და შესაბამისად, ევროპული კომპანიის სახელით თავად ევროკავშირის წარმომადგენლობა გააკეთებს შეფასებას.
მე როგორც მოქალაქე, არ ვისურვებდი ამ კანონის მიღებას. შეიძლება, სახელი გადაერქვა, გარკვეული მუხლები შეიცვალოს, მაგრამ აღსრულების ნაწილში, ეს კანონი კარგს არაფერს მოგვიტანს, რადგან ცდუნება იქნება ძალიან დიდი, როდესაც მე შემეძლება ვიღაცას, ვინც „კოკა-კოლას“ სვამს ან „აიფონი“ აქვს, აშშ-ის აგენტი თუ ამერიკული ძალის ინტერესების გამტარებელი ვუწოდო.
მე, პირადად, ვფიქრობ, როგორი კეთილგანწყობილი არ უნდა იყოს აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლება, შეიძლება, ამ კანონს შემდგომში სხვა ინტერპრეტაცია მიეცეს, შესაბაისად, არ გვჭირდება კანონი მოკლევადიანი პერიოდისთვის. კანონი ისეთი უნდა იყოს, რომ წლები იმუშაოს; საქართველოში კანონში ცვლილებები თვეში ერთხელ შედის ხოლმე, რაც ცუდია. სტაბილურობას უნდა მივაღწიოთ. ბოლოს და ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ვართ“, - განაცხადა ზვიად ჩხარტიშვილმა.