საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, ქვეყანამ ევროპული სტანდარტების კანონები უნდა მიიღოს და არა სხვა ქვეყნების ანალოგები. ამის შესახებ დიპლომატმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ გაახსენა საზოგადოებას ქართული მხარის გაფრთხილებები ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ხელისუფლების შემდგომმა ნაბიჯებმა ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანა.
„თუ საქართველოს სურს, რომ ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ უნდა მიიღოს კანონები, რომლებიც ევროპულია. არა კანონები, რომლებიც ამერიკულია, რუსული, ჩინური ან ნებისმიერი სხვა ევროპული კანონები.
ძალიან ნათლად ვთქვით, ჯერ კიდევ 2023 წელს, რომ ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. მოხარული ვიყავით, რომ 2023 წელს მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა უპირობოდ გაეწვია ეს კანონი. ეს დაგვეხმარა პროგრესის მიღწევაში და 2023 წლის ბოლოს ყველა აღვნიშნავდით საქართველოს კანდიდატ ქვეყნად გახდომას“, - განაცხადა ელჩმა.
ევროკავშირის ელჩის თქმით, კანონის ხელახლა დაბრუნებამ და მასშტაბურმა საკანონმდებლო ცვლილებებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დისტანცია კიდევ უფრო გაზარდა.
„რამდენიმე კვირის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, იმავე მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა უკან წასვლა და ამ კანონის ხელახლა წარმოდგენა. ხმამაღლად და ცხადად ვთქვით, მათ შორის მეც: „გთხოვთ, არ ქნათ ეს, გთხოვთ, არ ქნათ ეს“. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და ასევე ხმამაღლად და ცხადად ვთქვით, რომ შედეგები იქნებოდა.
საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა გაეგრძელებინა ეს. მერე კიდევ ერთი კანონი, კიდევ ერთი კანონი, კიდევ ერთი კანონი ყოველი მათგანი სულ უფრო და უფრო ზრდის დისტანციას ჩვენს, ევროკავშირსა, და საქართველოს შორის.
საქართველოს გადასაწყვეტია, რა კანონებია შესაბამისი საქართველოსთვის. თუმცა და ეს ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის სათქმელია თუ საქართველოს სურს, რომ ოდესმე გაწევრიანდეს ევროკავშირში, საქართველოს უნდა ჰქონდეს კანონები, რომლებიც ევროპულია“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
2024 წლიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ევროკავშირის განმარტებით, ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და დემოკრატიული უკუსვლა იყო. ამის საპასუხოდ 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე არ დააყენებდა.
























