EPRC-ის მკვლევრის და The American Purpose – საქართველოს აღმასრულებელი რედაქტორი ზაზა შენგელია ამბობს, რომ ქვეყნის დადებითი მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლითაც პრემიერი თავს იწონებს, ევროინტეგრაციის პროცესში დემოკრატიის ფუნდამენტურ პრობლემებს ვერ ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ზაზა შენგელიამ "ანალიტიკაში" თემაზე „EU-ს გაფართოება - იხურება თუ არა შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოში“ საუბრისას წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ევრონიუსის" სამიტზე ირაკლი კობახიძის მიერ მიცემულ ინტერვიუს შეფასებისას ზაზა შენგელია ამბობს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით თავის მოწონება რიტორიკური ხერხია, რადგან რესპონდენტს არაფერი ჰქონდა სათქმელი იმ ძალიან მწვავე კითხვებზე, რომლებიც მას დაუსვეს.
"ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა იმ ზარალის თუნდაც ნაწილობრივ განელებისთვის, რომელიც საქართველოს ევროპულმა მომავალმა ბოლო თუნდაც სამი წლის განმავლობაში მიიღო. მაგრამ სამწუხაროდ, ეს გამოცდა ვერ ჩაბარდა, პირიქით შეიძლება ითქვას, ჩვენ ვიხილეთ ძალიან სამწუხარო სურათი, სადაც არც კი იყო მცდელობა იმისა, რომ ის ძალიან მწვავე არგუმენტები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია გვესმის ვერანაირი პასუხი ვერ გაეცა", - აღნიშნა შენგელიამ.
კითხვაზე - რა წონა აქვს საქართველოს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს ევროკომისიისთვის იმ პირობებში, როცა სხვა კრიტერიუმების მიხედვით პოლიტიკური თუ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით უკუსვლაა, EPRC-ის მკვლევარმა ასე უპასუხა:
"ევროკავშირს გაფართოებისას მკვეთრად გამოყოფილი პრიორიტეტები აქვს და შემთხვევითი არ არის, რომ იმ პირველ ნაწილს, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფუნდამენტური ღირებულებები ეწოდება. ეს მთავარი, გადამწყვეტი ფაქტორებია, რომლითაც ევროკავშირი აფასებს ამა თუ იმ ქვეყნის პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე.
რაც შეეხება ეკონომიკას, ამისთვის ევროკავშირს და განსაკუთრებით კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ის სტრუქტურული ფონდები აქვს გათვალისწინებული, რომლებიც სწორედ იმას უნდა მოემსახურონ, რომ ეკონომიკური მაჩვენებლებით ამოსწიონ ქვეყანა და დაუახლოვონ იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც ის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უნდა აკმაყოფილებდეს. გამორიცხულია - სულ რომ ეკონომიკური სასწაული მოხდეს, ამან ის ფუნდამენტური პრობლემები ჩაანაცვლოს, რომლებიც საქართველოს ამ ეტაპზე გააჩნია და ეს პრობლემები ძალიან კარგადაა ცნობილი. ამ პრობლემებზე კითხვები ამ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაისვა და სამწუხაროდ, პასუხი ვერ გაეცა.
გაფართოების ანგარიშში ისევ და ისევ ვკითხულობთ რომ ის პრობლემები, რომლებმაც საქართველო იმ ჩიხში მიიყვანა, რომელშიც დღეს არის, გადაწყვეტილი არ არის. შესაბამისად, ეკონომიკაზე ან სხვა ფაქტორებზე აპელირება ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს იმ პრობლემების პასუხს, რომლებზეც სინამდვილეში პასუხია გასაცემი", - განაცხადა ზაზა შენგელიამ.
























