"საქართველოს ჯერ კიდევ არ მოუხდენია ელექტროენერგიის ინტეგრაციის პაკეტთან დაახლოება", - ამის შესახებ ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშში წერია.
დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ "ანბანდლინგის" და ბაზრის გახსნის შესახებ დებულებები ნაწილობრივ განხორციელდა, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში 2024 წელს შეტანილი ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორის სეპარირებისთვის, საჭიროებს კანონქვემდებარე აქტებით (მეორეული კანონმდებლობით) გამყარებას. 2026 წელს შემდგომი პროგრესი დაფიქსირდა იმით, რომ ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორმა სავაჭრო კომპანიაში თავისი წილების გასხვისება დაასრულა.
ამას გარდა, ელექტროენერგიის სექტორში საცალო ბაზარი ჯერ კიდევ არ არის სრულად დაახლოებული ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ელექტროენერგიის წარმოება ძირითადად კვლავ რეგულირებადია, თუმცა მცირე პროგრესი დაფიქსირდა 2026 წლის მაისში, როცა დერეგულირება შეეხო იმ ჰიდროელექტროსადგურებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტომდე შევიდა ექსპლუატაციაში და რომელთა დადგმული სიმძლავრეც 90 მგვტ-ს არ აღემატება. 2027 წლამდე დაგეგმილია 120 მგვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების ეტაპობრივი დერეგულირებაც.
რაც შეეხება ენერგოეფექტურობას, გაფართოების ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ენერგოეფექტურობის მიმართულებით, მათ შორის შენობების ენერგოეფექტურობის კუთხით, პროგრესი არ დაფიქსირებულა. საქართველომ უნდა მიიღოს შენობების რენოვაციის გრძელვადიანი ეროვნული გეგმა.
აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების [ანბანდლინგი] ვალდებულება, რომელიც ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის 2009 წლის 13 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/72/EC დირექტივას ეფუძნება, ერთმანეთისგან ელექტროენერგიის გადაცემა/განაწილებისა და წარმოება/მიწოდება/ვაჭრობის განმახორციელებელი საწარმოების განცალკევების ვალდებულებას აწესებს. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა მისი მმართველობის სფეროში არსებული ენერგეტიკული საწარმოების მართვის უფლებების ამ კანონის შესაბამისად გადანაწილება. მოთხოვნა ასეთი იყო: ეროვნული ქონების მართვის სააგენტოს გადაეცემა გენერაციის ობიექტების მართვის უფლება, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო კვლავ განახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორის აქციონერის უფლებამოსილებას, ამგვარად, განცალკევდება ელექტროენერგიის გენერაციისა და გადაცემის აქტივობები და შესაბამისად, შესრულდება Unbundling- ის მოთხოვნა.
























