მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკა ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ "ოცნების" ხელისუფლების რიტორიკა ანტიდასავლურია

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ირწმუნება, რომ ხელისუფლების მხრიდან არანაირი ანტიდასავლური ნარატივი და ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

ქვეყნის პირველი დიპლომატი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტას "გაბუტვის პოლიტიკას" უწოდებს და ამბობს, რომ ის შედეგის მომტანი ვერ იქნება.

„არანაირი ანტიდასავლური ნარატივი არ არსებობს და არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს. არსებობს პასუხები იმ თავდასხმებზე, რომელსაც იღებს საქართველოს ხელისუფლება და ქართული სახელმწიფო და ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ გარკვეული პოლიტიკური პასუხი გაეცეს იმ სიცრუეს და იმ დეზინფორმაციას, რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში ევროპარლამენტის რეზოლუციებში, განცხადებებში და ასე შემდეგ.

არაფერი შედეგი არ მოუტანია ამ დრომდე იმ დამოკიდებულებას, რა დამოკიდებულებაც დღეს არსებობს ბრიუსელში საქართველოსთან მიმართებით. რა შედეგი შეიძლებოდა, მოეტანა გაბუტვის პოლიტიკას და პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტის პოლიტიკას?!“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოების 4 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიში "ვერ იქნება ობიექტური და ღირებული, რადგან ბრიუსელს თბილისთან ორი წელია, შეჩერებული აქვს დიალოგი როგორც პოლიტიკურ, ისე ექსპერტულ დონეზე".

„ორი წელია, შეჩერებულია პოლიტიკური დიალოგი. ევროკავშირს არ აქვს კომუნიკაცია არც ერთ დონეზე - არც პოლიტიკურ, არც ექსპერტების დონეზე და შემდგომ ჩვენ ვხედავთ ანგარიშს, რომელიც ძირფესვიანად უნდა აფასებდეს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ პროგრესს თუ სისტემას, რაც წარმოუდგენელია, იყოს ობიექტური, წარმოუდგენელია, იყოს ღირებულების მქონე, თუკი ის, რა თქმა უნდა, არ იქნება სათანადოდ მომზადებული და სათანადო ანალიზის საფუძველზე.

ეს არის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, რომ არაფერი კარგი არ უნდა ითქვას საქართველოს შესახებ და მაქსიმალურად ისე უნდა იყოს ყველაფერი წარმოჩენილი, რომ კონტექსტი იყოს უკეთეს შემთხვევაში ნეიტრალური, ან, რა თქმა უნდა, ნეგატიური. ეს არის ის, რისი გადმოცემაც ამ ანგარიშით სურდა ევროპულ მხარეს. სამწუხაროა ეს და ნამდვილად არ იძლევა ობიექტურ სურათს, მით უმეტეს, როდესაც ამ ანგარიშს შემდგომში ეყრდნობიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც არის პასუხისმგებლობა - პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავად ევროპის და ევროკავშირის წინაშე და თუკი ეს პასუხისმგებლობა ეფუძნება ამგვარად მომზადებულ მასალას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, თავისთავად კითხვის ნიშნები ჩნდება ამ გადაწყვეტილებების სისწორესთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, "საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირიდან სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები გარკვეული ინსტრუმენტების გამოყენებაზე, რაც მუქარის ფორმას იღებს და პოზიტიური მოლოდინის საფუძველს არ ქმნის".

„ერთგვარი მუქარასავით გვესმის, რომ იანვარში რაღაც შეიძლება, იყოს საქართველოსთან მიმართებით და ისევ მუქარები საქართველოს და ქართული საზოგადოების მიმართ, რომ შეიძლება, მოხდეს სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება ევროკავშირის მხრიდან. ეს გაბუტვის პოლიტიკა არანაირად შედეგის მომტანი არ არის არავისთვის. ამას ბევრი აცნობიერებს, ვერ ვიტყვი რომ ყველა, თუმცა უმრავლესობა ამას აცნობიერებს და ემხრობიან საქართველოსთან დიალოგის და ჩართულობის პოლიტიკას.

თუკი შენ ერთ ჯგუფს ემეგობრები ქვეყანაში და მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ ელაპარაკები და მიჯნავ ქართულ საზოგადოებას ქართული საზოგადოების მიერ არჩეული ხელისუფლებისგან, ეს არის პირდაპირ ქვეყნის სუვერენიტეტის არაღიარება“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრი გამოეხმაურა დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს მიწვევის საკითხსაც და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის გამოგზავნილი მოწვევა "არ შეესაბამებოდა შეხვედრის პოლიტიკურ დონესა და ფორმატს".

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები არ არის სპეკულაციების საგანი და ის საკითხები, რომლებიც დგას დღის წესრიგში და პარტნიორებს შორის უნდა იდგეს, უნდა იყოს სერიოზულად განხილული. ნამდვილად არასერიოზულია, როდესაც შეხვედრაზე, ერთი მხრივ, ვითომ ხდება დაპატიჟება თუ მიწვევა ქვეყნის და მეორეს მხრივ, მიწვევა ხდება იმგვარად, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღონ იმ ადამიანებმა, ან იმ დონეზე არ იყოს შეხვედრაში მონაწილეობა, რა დონეზეც შეხვედრა იმართება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილი ირწმუნება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი უმრავლესობის მხრიდან არსებობს საქართველოსთან დიალოგის გაგრძელების საჭიროების მკაფიო პოზიცია.

„ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით კოლეგებს, მინისტრებს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ვიცით, თუ რა პოზიციები არის ამ თუ იმ დედაქალაქში საქართველოსთან მიმართებით და საქართველოსთან ჩართულობასთან დაკავშირებით, საქართველოს მნიშვნელობაზე და ზოგადად დიალოგის საჭიროებაზე და როდესაც ვხედავთ, ბრიუსელის მხრიდან რამდენად სრულდება თუ არ სრულდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაკვეთა, ესეც ბევრზე მეტყველებს, - თუ რამდენად მოქმედებს ხშირ შემთხვევაში ბრიუსელის ბიუროკრატია თავად ევროკავშირის ინტერესებში.

მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება დაკავშირებადობას, ქვეყანა, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამ ქვეყანასთან მსგავსი იაფფასიანი თამაშები ნამდვილად მიუღებელია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ისაუბრა ევროპის მხრიდან კრიტიკაზე პოლიტიკური პარტიების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებითაც.

"ეს სრულად აცდენილია იმ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ფასეულობებს, რომელზეც აპელირება გვესმის ძალიან ხშირად, როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოს საქმიანობაზე ზეწოლა, საქმიანობაში ჩარევა, პოლიტიკური განცხადებების კეთება და ზოგადად, ნებისმიერი სამართლებრივი პროცესის პოლიტიზება. არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება, მიმდინარეობს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სრულიად სამართლებრივი პროცესი. ყველას აქვს უფლება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს ვალდებულებაა, განიხილოს ეს სარჩელი და საქმე შესაბამისი პრინციპების შესაბამისად წარმართოს", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, 2026 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გაფართოების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი კვლავ დე ფაქტო შეჩერებულად არის შეფასებული.

საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა, რომლის ინიციატორიც „ქართული ოცნებაა“. 24 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში განახლებული სარჩელი შეიტანა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო - ძლიერი საქართველოსა“ და „ფედერალისტების“ მსგავსად, „გახარია - საქართველოსთვის“ აკრძალვა მოითხოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები