2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, APM Terminals Poti-ს მიერ ჯამში 324 017 TEU კონტეინერი დამუშავდა. წლიურ ჭრილში კლება 6.8%-ია. მეორე კვარტალში ყველაზე მეტი - რეკორდული რაოდენობის კონტეინერი მაისში დამუშავდა.
APM Terminals Poti-ის ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი ამბობს, რომ გასულ წელს მკვეთრად გაზრდილი ტვირთბრუნვის შემდეგ, პროცესმა დასტაბილურება დაიწყო. მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ წლის ბოლოს გადაზიდვების თვალსაზრისით დადებითი მონაცემებით იქნება.
“საკმაოდ დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა. 2023 წელს საკმაოდ არაპროგნოზირებადი მატება შეიმჩნეოდა ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წელი გამოირჩევა დადებითი ტენდენციით. ტვირთების დიდი ნაწილი შენარჩუნებულია, აგრეთვე შენარჩუნებულია ტვირთები გენერალური და ნაყარი ტვირთების მიმართულებითაც.
ჩვენ თუ გადავხედავთ, რა მოლოდინები გვაქვს, ვფიქრობთ, წლის ჭრილში დაბალანსდება და საბოლოო ჯამში 2024 წელს მოლოდინი გვაქვს, რომ საკმაოდ დადებითი მონაცემებით დაფიქსირდება”, - ამბობს APM Terminals Poti-ის ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი.
მისი შეფასებით, გაზრდილია შუა დერეფანში გაზრდილი ტვირთბრუნვის გათვალისწინებით, APM Terminals Poti უმკლავდება არსებულ ტვირთნაკადს, თუმცა მისი თქმით, ამ მიმართულებით გამტარუნარიანობის გაზრდაზე მუშაობა მიდის.
“მზარდი არის ტენდენცია შუა დერეფანთან მიმართებით, საქართველო ამ ეტაპზე არის ტრანსფორმაციის პროცესში. ჯერჯერობით ჩვენ ვუმკლავდებით ნაკადებს და ყველა ერთად ჩართული ვართ რომ გავაუმჯობესოთ სიმძლავრე, გამტარუნარიანობა. აქ ყველა დაინტერესებული უწყება არის ჩართული მათ შორის ნავსადგურიც, რკინიგზაც, საბაჟო და სახელმწიფო უწყებები. ამ ეტაპზე ვუმკლავდებით ტვირთებს, თუმცა ვართ დაგეგმვის პროცესში თუ როგორ გავაუმჯობესოთ გამტარუნარიანობა. თავისთავად ინფრასტრუქტურაც უნდა დაეწიოს და ჯერჯერობით გამკლავების რეჟიმში ვართ”, - აცხადებს APM Terminals Poti-ის ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი.