მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაელაპარაკონ ბანკებს და განწილვადება გაუკეთონ“ - კალაძე 250-ლარიან სამგზავრო აბონემენტზე

61c594ba8549d
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.21 13:44
1699
თბილისის მერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული სისტემით გათვალისწინებული წლიური 250-ლარიანი აბონემენტის შეძენა არ შეუძლიათ, მათ ბანკთან შეთანხმებით შეუძლიათ, განწილვადება გააკეთონ. ეს შეთავაზება კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში მას შემდეგ გააჟღერა, რაც ახალი ინტეგრირებული სისტემის ტარიფები განმარტა და აღნიშნა, რომ ყველაზე იაფად მოქალაქეები იმ შემთხვევაში იმგზავრებდნენ, თუ 250-ლარიან სააბონემენტოს შეიძენდნენ. შეკითხვას იმაზე, რომ ყველას არ აქვს 250 ლარი სააბონემენტო პაკეტში ერთიანი გადახდისთვის, თბილისის მერმა ასე უპასუხა: „აქაც შეიძლება დაელაპარაკონ ბანკებს და განწილვადება გაუკეთონ, არ მგონია ეს პრობლემა იყოს“.

BM.GE-მ კითხვით, რამდენად ითვალისწინებს მერიის მიერ შემუშავებული ახალი სისტემა სააბონემენტოს ღირებულების განწილვადებას, თბილისის მერიას მიმართა, რაზეც გვიპასუხეს: „საბანკო პროდუქტებს ბანკები თავად ქმნიან და მერია მათ ვერ უკარნახებს“.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ულიმიტო აბონემენტების სისტემა ამოქმედდება. გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის თებერვლიდან შევა, ხოლო ბარათების შეძენა მოქალაქეებს მეტროს სადგურებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალებში 5 იანვრიდან შეეძლებათ. თბილისის მერის მტკიცებით, ინტეგრირებული სისტემა მგზავრობას არ გააძვირებს, მიუხედავად იმისა, რომ აბონემენტით ერთჯერადი მგზავრობა 1 ლარი ეღირება, რაც ახლა მეტროსა და ავტობუსის შემთხვევაში 50 თეთრი, მიკროავტობუსის შემთხვევაში კი 80 თეთრია. 1-ლარიანი ბილეთით  90 წუთის განმავლობაში მგზავრობა უფასო იქნება.