“წელს, უკვე დეკემბერში, 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა საქართველოში, რომლებიც იანვრის ბოლოდან მოემსახურება თბილისის მოსახლეობას” - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს მიუნხენში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და კომპანია „თეგეტა მოტორსის“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად, MAN-ის საგამოფენო დარბაზში თბილისისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა.
“აღნიშნული ავტობუსების 160 ერთეული შევიძინეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ იგი იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და ბევრ ადამიანს ჰქონდეს სარგებლობის საშუალება. დღეს გვაქვს გარკვეული გამოწვევები, პრობლემები, ვხედავთ ავტობუსებს, რომლებიც გადაჭედილია და უამრავი ადამიანი სარგებლობს და ეს 18-მეტრიანი ავტობუსები უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს.
თქვენ იცით, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი: ახალი ავტობუსები, მიკროავტობუსები ჰყავს ქალაქს - ბოლო ეტაპი 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იყო, რომელიც 2024 წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება”, - აცხადებს კახა კალაძე.
ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი. ტრანსპორტში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. გარდა ამისა, ტრანსპორტში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო, საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას.
მერიის ინფორმაციით, 2024 წლის ბოლომდე თბილისს ეყოლება კომპანია MAN-ის მიერ წარმოებული 400-მდე ავტობუსი, რაც მთლიანი საავტობუსე პარკის დაახლოებით 40% იქნება. კომპანია MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია „თეგეტა მოტორსია”.
“აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, რომ თბილისს მოვემსახუროთ ავტობუსების მოწოდებითა და მათი გამართული ექსპლუატაციით. ჩვენს მომსახურებაში გათვალისწინებულია ტრენინგები, გერმანული სტანდარტების დანერგვა საქართველოში, ახალი ავტოპარკის მოწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით, შესაბამისი განათლების გაზიარება მერიის თუ ჩვენი თანამშრომლებისთვის”, - აცხადებს ირაკლი პაპიაშვილი, "თეგეტა ჰოლდინგის" ბიზნესის განვითარების დირექტორი.
„მოხარული ვართ, რომ მიუნხენში ვმასპინძლობთ ჩვენს კოლეგებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან და "თეგეტა მოტორსიდან". მათ თბილისის მიერ შესყიდული 160 ერთეულიდან პირველი ავტობუსი დავათვალიერებინეთ. ეს არ არის პირველი პროექტი, რომელსაც მათთან ერთად ვახორციელებთ. ჩვენ ასევე, მოუთმენლად ველით სამომავლო პროექტებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ავტობუსების ნაწილს წლის ბოლოდან თბილისის ქუჩებში ვიხილავთ“, - განაცხადა MAN-ის გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ბურა ჯეიჰანმა.