თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, წლის დასაწყისიდან დღემდე სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 28 ათასამდე მოქალაქემ ჩაიტარა და ჯამში 34 675 შემთხვევა დაფინანსდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერმა მოსახლეობას მუნიციპალური პროგრამით სარგებლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დაფინანსებული შემთხვევების 97% „ეროვნულ სკრინინგ ცენტრზე“ მოდის.
მისივე თქმით, „ვარდისფერი ოქტომბრის“ - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ.
„კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ყველას, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა, ისარგებლეთ ამ კვლევებით, რათა დაიცვათ თქვენი, თითოეული ქალის ჯანმრთელობა. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლებიც პრევენციულ ხასიათს ატარებს, ამცირებს რისკებს და გაწვდით ინფორმაციას თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოა. შესაბამისად, დროული დიაგნოსტიკა და სიმპტომების გამოვლენამდე სკრინინგული კვლევის რეგულარულად ჩატარება, დაავადების განვითარებისა და ლეტალობის რისკის შემცირების წინაპირობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა და რას მოიცავს ის:
მუნიციპალური პროგრამით სარგებლობა 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ.
პროგრამა ითვალისწინებს:
- მამოლოგთან კონსულტაციასა და გასინჯვას;
- მამოგრაფიულ კვლევას;
- პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - ულტრაბგერით გამოკვლევას, ბიოფსიური მასალის აღებასა და ციტოლოგიას.
თბილისის მერიის აღნიშნულ პროგრამას „ეროვნული სკრინინგ ცენტრის“ დიდუბის, გლდანის, საბურთალოსა და ვარკეთილის ფილიალების გარდა, რამდენიმე სხვა სამედიცინო დაწესებულებაც ახორციელებს.
























