თბილისის მერია მოქალაქეებს უბნების ურბანული გარემოს გაუმჯობესებისთვის საკუთარი იდეების წარდგენას სთავაზობს. კონკურსი „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“ „თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის“ ფარგლებში გამოცხადდა და განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კონკურსის მიზანია, ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების ყოველდღიური გამოცდილებისა და საჭიროებების მეტად გათვალისწინება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების გამოცდილება, ყოველდღიური საჭიროებები და იდეები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული. სწორედ ამ მიზნით ცხადდება კონკურსი „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“. ამ საინტერესო პროექტის განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. მოგიწოდებთ ყველას აქტიურობისკენ, მონაწილეობის მიღებისკენ, რომ ერთად გავაუმჯობესოთ კონკრეტული უბნები, არეალები. ჩვენ მოვისმენთ თქვენს იდეებს, ხედვებს და ჩვენი ჩართულობით, კონკრეტული პროექტების განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის განმარტებით, კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იდეები კონკრეტული ურბანული გარემოს გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს. მათ შორის, საუბარია ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებაზე, გარემოს ხელმისაწვდომობაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან კავშირის გაუმჯობესებასა და მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტული სივრცეების შექმნაზე.
უწყების ინფორმაციით, საკონკურსო არეალი მოიცავს თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გამზირების, მარჯანიშვილის ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ქუჩებსა და საჯარო სივრცეებს. დეტალური ინფორმაცია და ზუსტი საკონკურსო არეალი თბილისის მერიის ვებგვერდზეა განთავსებული. კონკურსი „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში იმართება, რომელსაც თბილისი, მერიის ინფორმაციით, წელს მეშვიდედ უერთდება.
კვირეულის ფარგლებში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო სხვადასხვა აქტივობას გეგმავს. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტს“ და დიდი დიღმის ავტობაზას და გაეცნონ მეტროსა და ავტობუსების მუშაობის სპეციფიკას.
























