თბილისის მერ კახა კალაძის მტკიცებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება - ასე უპასუხა თბილისის მერიის მთავრობის სხდომის დაწყებამდე მან ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ ინფორმაციებს და განაცხადა, რომ ისინი სპეკულაციურია.
კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, აღნიშნული სამუშაოების შესახებ სწორი ინფორმაცია მიიღონ მხოლოდ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისგან.
„ჩვენ 23 ივლისს დავიწყეთ რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია. თავიდანვე ვთქვით, რომ ოთხი თვე დაგვჭირდებოდა, თუმცა გარკვეული მედიასაშუალებები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია. ჩემი თხოვნა იქნება თბილისელებისთვის, არ ენდოთ თაღლითებს და ინფორმაცია მიიღეთ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურისგან. ჩვენ აქტიურად გავავრცელებთ მხოლოდ სიმართლეს, რომ ხალხმა იცოდეს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები.
ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გააკეთა სიუჟეტი, თითქოს ჩვენ სამუშაოების შესრულების ვადა გადმოვწიეთ და ოქტომბერში უნდა დავასრულოთ. აქვე საუბრობდნენ, რომ სამუშაოები არაჯეროვნად და უხარისხოდ შესრულდებოდა. როგორც გითხარით, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საგზაო ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სიცრუეა სოციალურ ქსელებში გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ თითქოს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში მრავალწლოვანი ხეები მასიურად იჭრება და თბილისის მერია მწვანე სივრცეებს ანადგურებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შემსრულებელი კომპანია "სმარტ სოლუშენსის" მმართველმა პარტნიორმა, ლევან გოგსაძემ BM.GE-ს განუცხადა, რომ გამზირის რეაბილიტაციისთვის დაწესებული 100-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, პროექტის თავდაპირველად დათქმულ ვადებში დასრულებას რამდენიმე ფაქტორი ართულებს, მათ შორის - შეზღუდული სამუშაო არეალი, ადგილზე მომუშავე სხვა კონტრაქტორებთან კოორდინაციის აუცილებლობა და უშუალოდ პროექტში შესატანი ცვლილებები.




























