თბილისის მერის სურვილია, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძის ქუჩიდან ელბაქიძის აღმართამდე მონაკვეთი მოწესრიგდეს, რათა ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი გახდეს. ამის შესახებ კახა კალაძემ სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.
„მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და უდიდეს პრობლემას უქმნიდა გამზირზე არსებულ საცხოვრებელ სახლებს და საგზაო ინფრასტრუქტურას. პირველ რიგში, გვინდა, რომ სექტემბრისთვის ჭოველიძის ქუჩიდან ე.წ. ელბაქიძის აღმართამდე არსებული საგზაო მონაკვეთი მოწესრიგდეს, ასფალტის ქვედა ფენებში მოვაქციოთ, რათა ავტომობილებით გადაადგილება გახდეს შესაძლებელი. სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში აქტიურად იწარმოებს და ნოემბრის ბოლოს დასრულდება. რუსთაველის გამზირი სრულად განახლებული და გალამაზებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შოთა რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, თამარ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გამზირზე ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია იცვლება - სამუშაოები მიმდინარეობს წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელებზე. პარალელურად, ეწყობა სანიაღვრე სისტემა.




























