მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

რუსთაველის გამზირი

თბილისის მერის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება და ქვეყნის მთავარი გამზირი მოქალაქეებს "სულ მალე" განახლებული სახით დაუბრუნდება. დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადების გაკეთებისას კახა კალაძეს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ცნობილია, რომ ხელშეკრულებით სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

თბილისის მერმა აღნიშნა:

„იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკის მოედანი საახალწლო ღონისძიებებიდან გამომდინარე დაკეტილი იქნება, რუსთაველის გამზირი მოგვიანებით დაიხაზება და შუქნიშნებიც მოაგვიანებით ჩაირთვება“.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შედეგად, საგზაო მოძრაობის თითოეულ მონაწილეს უსაფრთხოდ გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა ექნება. კახა კალაძემ მიწისზედა გადასასვლელების მოწყობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის საშუალებითაც ქვეითებსა და ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს გზის უსაფრთხოდ გადაკვეთის შესაძლებლობა ექნებათ.

„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება და სულ მალე ქვეყნის მთავარი გამზირი განახლებული სახით დაუბრუნდება ჩვენს მოქალაქეებს. რუსთაველის გამზირი არ არის უბრალოდ ერთი ქუჩა ან სატრანსპორტო დერეფანი. ეს არის ჩვენი დედაქალაქის გული, ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილი. ამ გამზირს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, მისი რეაბილიტაციისას ჩვენი ამოცანა იყო არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განახლება, არამედ ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება. პროექტის დასრულების შემდეგ, სრულად ადაპტირებულ გამზირზე საგზაო მოძრაობის თითოეულ მონაწილეს უსაფრთხოდ გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა ექნება.

აქამდე მშობლები საბავშვო ეტლებით ვერ გადადიოდნენ გზის ერთი მხრიდან მეორეზე და ისევე, როგორც ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებს, მათაც დიდი მანძილის შემოვლა უწევდათ. ეს პრობლემა მთლიანად მოგვარებული იქნება. ქალაქის ხელმისაწვდომობა არ არის პრივილეგია - ეს თითოეული ადამიანის უფლებაა. როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე, განვითარებულ დედაქალაქზე, მისი განვითარების ხარისხი სწორედ ასეთი საკითხებითაც უნდა იზომებოდეს - რამდენად კომფორტულია ქალაქი ბავშვისთვის, ხანდაზმულისთვის, მშობლისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის და, ზოგადად, თითოეული მოქალაქისთვის. რუსთაველის გამზირი ყველას ეკუთვნის და ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ გამზირის რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი დისკომფორტის გამო, მოქალაქეებს მოთმინებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„კარგად გვესმის რამდენად დიდი დისკომფორტი ახლავს ამ ტიპის სამუშაოებს. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით გვქონდა ძალიან დიდი პრობლემა, იყო დიდი დისკომფორტი. ამ თვეების განმავლობაში გამზირის ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს უწევდათ ცხოვრება ხმაურში, მტვერში. მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ, როგორც დედაქალაქის მერმა, როგორც ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, თუმცა, როდესაც სამუშაოები დამთავრდება, რუსთაველის გამზირი იქნება ძალიან ლამაზი, ყველანაირად მოწესრიგებული. რუსთაველი თავისი ისტორიითა და კულტურული მნიშვნელობით ყოველთვის გამორჩეული იყო და ასეთად უნდა დარჩეს მომავალი თაობებისთვისაც. განახლებული რუსთაველის გამზირი უბრუნდება თბილისს, უბრუნდება თბილისელებს, უბრუნდება თითოეულ მოქალაქეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მანვე მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეტაპობრივად ყველა პროექტი განხორციელდება.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ქალაქის რეაბილიტაციას, ქუჩებისა და გამზირების განახლებას ამით არ ვასრულებთ. დედაქალაქში საკმაოდ სერიოზული გამოწვევები გვაქვს. ეტაპობრივად მივყვებით და ყველაფერი იქნება რეაბილიტირებული. ჩვენ კი გვაქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი ქუჩა და გამზირი მოვაწესრიგოთ, მარგამ იმასაც ვითვალისწინებთ, მსგავსი ტიპის სამუშაოები რამხელა სატრანსპორტო შეფერხებებს იწვევს. სამწუხაროდ, ერთდროულად რამდენიმე ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის ფუფუნება არ გვაქვს, თუმცა ჩვენი ქალაქი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული, გამწვანებული, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები