მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაუყოვნებლივ აღადგინეთ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები - NCDC „ალმას“ მიმართავს

614888e559b6f
ინგა მურუსიძე
20.09.21 17:25
3837
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კომპანია „ალმას“, რომლის კუთვნილ ბანერებზე ვაქცინაციის კამპანიის ხელმშემწყობი ინფორმაცია პოლიტიკურმა ბანერებმა ჩაანაცვლა, წერილით მიმართავს და აცრის მხარდამჭერი ბანერების დაუყონებლივ აღდგენისკენ მოუწოდებს. საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა - ბილბორდებზე წერია ტექსტი “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოებია დატანილი, მათ შორის არის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია.

NCDC-ს ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ კომპანია „ალმა“ გაითავისებს იმ პასუხისმგებლობას, რაც ყველა ადამიანს და კომპანიას აქვს ვაქცინაციის წახალისების პროცესში.

NCDC-ს მიერ „ალმასთვის“ გაგზავნილ წერილს BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

„NCDC-სთვის მასმედიის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ გარე ბილბორდებზე განთავსებულ ბანერებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, მოხდა სხვა შინაარსის ბანერების განთავსება, რასთან დაკავშირებითაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა იმავე დღეს გააკეთა სათანადო განცხადება.

გვინდა შეგახსენოთ, რომ ეროვნული ცენტრი არის იმუნიზაციის მთავარი მხარდამჭერი ქვეყანაში. ამ მიზნით იყენებს სხვადასახვა სახის საინფორმაციო და მედია საშუალებებს და მოუწოდებს მოსახლეობას აცრებისკენ, რათა დაიცვან საკუთარი და მათი შვილების ჯანმრთელობა. ამ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოწოდებებს ქვეყანაში.

სასიცოცხლოდ აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად აიცრას ქვეყნის მოსახლეობა, დაცული იქნას მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვინაიდან კოვიდ-პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა საყოველთაო ვაქცინაციაზე გადის. კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, როცა ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ავადდება და ათობით იღუპება, ამავდროულად, ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას.

ამასთანავე, ჩვენ შორის არსებული სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც, ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილებაც შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა. ბანერების შეცვლის თაობაზე, ინფორმაციის წინასწარ ცოდნის შემთხვევაში ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია მოსახლეობის სოცოცხლის გადასარჩენად.

მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ, covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყონებლივ აღდგენა,
ვინაიდან პანდემიის პერიოდში, სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების რეალური საშუალება“, - ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის: აღნიშნული ბანერების გაკვრა 16 სექტემბერს მოხდა, 17 სექტემბერს კი NCDC-იმ ბილბორდებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც უწყება აღნიშნავდა, რომ თუკი სიმართლეს შეესაბამება ინფორმაცია, რომ ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერი ჩანაცვლდა სხვა ნებისმიერი შინაარსის ბანერით, მაშინ, აღნიშნულ ფაქტს NCDC გმობს. მას შემდეგ კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ პოლიტიკური შინაარსის ბანერები - "არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!" სწორედ იმ ბანერებზე გადააკრეს, სადაც ვაქცინაციის მოწოდება იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები