მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კლება ორნიშნაა" - Legends Tskaltubo Spa Resort"-ის მენეჯმენტი დამსვენებლების შემცირებაზე საუბრობს

5e15da81cbf9e
ვიქტორია მღებრიშვილი
08.01.20 18:50
1500

Legends Tskaltubo Spa Resort-ში 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, დამსვენებელთა კლება დაფიქსირდა, - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროს დამფუძნებელმა და დირექტორმა ანდრო ჯიშკარიანმა განუცხადა.


მისი შეფასებით, კლება არამხოლოდ სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით, არამედ ბიზნეს ტურიზმის კუთხითაც შესამჩნევი იყო.


„ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი იყო კლება, წლის მონაცემებს ვაჯამებთ, თუმცა კლება დაფიქსირდა და ეს კლება ორნიშნაა. რაც შეეხება მიზეზებს, უპირველესი მიზეზი არის ის, რომ მსოფლიო ბაზარზე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით საქართველოს ცნობადობა დაბალია; მეორე - რუსეთის ბაზრიდან ფრენების შეზღუდვა მოხდა, რუსეთის ბაზარი სამკურნალო მიმართულებით ერთ-ერთი სეგმენტია; მესამე - შემცირდა ბიზნეს ტურიზმის მაჩვენებელიც. ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შემცირდა კონფერენციები, რას დავაბრალოთ არ ვიცი. შეიძლება დაფინანსებები არის შემცირებული და აქედან გამომდინარეა.

ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით სასტუმროების დატვირთულობა შემცირდა. სასტუმროებში უფრო მეტი შეთავაზება გაჩნდა უფრო დაბალ ფასად ანუ მაღალ ფასიანმა შეთავაზებებმა საკმაოდ დაბლა დაიწია და აქედან გამომდინარე, ბაზარზე უფრო მეტი შეთავაზება იყო, ვიდრე - მოთხოვნა და ბიზნეს ტურიზმის მაჩვენებელმაც იკლო“, - განმარტა BM.GE-ისთან საუბრისას ანდრო ჯიშკარიანმა.


კითხვაზე, რომელი ბაზრებიდან სტუმრობენ Legends Tskaltubo Spa Resort-ს, სასტუმროს დირექტორი ამბობს, რომ სამკურნალოდ ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოდიან, ხოლო ევროპის ქვეყნებიდან კურორტს მოკლევადიანი ვიზიტებით სტუმრობენ. 

"დივერსიფიცერებული გვაქვს ჩვენი ბაზრები სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით. სხვადასხვა სეგმენტის მიხედვით სხვადასხვა ტურისტები გვყვავს. სამედიცინო ტურიზმში უფრო გრძელვადიანი დამსვენებლები არიან, შესაბამისად, საშუალო მხარჯველუნარიანად შეიძლება დასახელდნენ. მაღალმხარჯველიანები არ გვყავს, იმიტომ რომ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები აქ სამკურნალო მიზნებით არ ჩამოდიან.  სამკურნალო ტურიზმით ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცის ბაზრები, ასევე პოლონეთი, ისრაელი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გვსტუმრობენ“, - ამბობს Legends Tskaltubo Spa Resort-ის დირექტორი.


რაც შეეხება წლევანდელ გეგმებს, ანდრო ჯიშკარიანის თქმით, არსებულ 135 ნომერს წელს 10 ახალი ნომერი დაემატება.

"წელს „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს, ასევე, სასტუმროს ინფრასტრუქტურულ განვითარება. ჩვენ ვსარგებლობთ სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტით, რადგან  ბალნეოლოგიის კომპონენტი აქამდე არ იყო და რა იქნება ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა სასტუმროს დამფუძნებელმა.