მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NCDC-მ საბჭოს „მწვანე პასპორტების“ პაკეტი წარუდგინა - რა ხდება სავალდებულო ვაქცინაციის თემაზე

6177c2038bb18
ინგა მურუსიძე
26.10.21 12:50
941
„სავალდებულო ვაქცინაციას არ დავუშვებ“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. ის ფიქრობს, რომ მოქალაქეებმა აცრა ნებაყოფლობით უნდა გაიკეთონ. პრემიერს ეთანხმება ჯანდაცვის მინისტრიც. ეკატერინე ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ ვაქცინაციის სავალდებულოობა პროცესს ხელს შეუშლის და მეტ პრობლემას შექმნის. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა დღიურად ქვეყანაში ვირუსით 50-მდე ადამიანი კვდება, ბოლო კვირების განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი 5 000-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ვაქცინაციის დღიური რიცხვი 5-დან 10 ათასამდეა. აღსანიშნია, რომ მთავრობის წევრებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ NCDC-ს ხელმძღვანელ პირებს. უკვე რამდენიმე კვირაა, ამირან გამყრელიძე პირდაპირ ამბობს, რომ ვაქცინაცია გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს, მათ შორის ექიმებისა და პედაგოგებისთვის.

საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად ირაკლი ღარიბაშვილის და ეკატერინე ტიკარაძის პოზიციებისა, NCDC-ის დირექტორი აზრს არ იცვლის. უწყებათშორისი საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ მან კვლავ გაიმეორა, რომ „ქვეყანაში ირიბი მანდატორიზმის მექანიზმები საჭირო გახდება“.

„მე ჩემს გამოსვლებში ვამბობ, რომ სავალდებულოობა რთული გადაწყვეტილებაა, ამას არასდროს ვმალავდი“, - დასძინა მან.

ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძისგან შევიტყვეთ, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე NCDC-მ წარადგინა დამუშავებული პაკეტი ე.წ. „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ და უწყებათშორისი საბჭოს სამდივნომ ერთად უნდა განიხილონ.

მედიის კითხვას - აიღებს თუ არა NCDC-ის დირექტორი პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი მისი რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს და ასევე, არის თუ არა სავალდებულო ვაქცინაციის არდაშვებაზე პრემიერის განცხადება ერთპიროვნული მართვის დემონსტრირება, ამირან გამყრელიძე ასე პასუხობს:

„საბჭო იმიტომ არის საბჭო, რომ იქ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება. იქ მიიღება შეთანხმებული გადაწყვეტილებები განხილვების შედეგად. იმუნიზაციაში სავალდებულოობა არის ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება. სხვადასხვა ქვეყნამ მიიღო ირიბი მანდატორიზმის მექანიზმები.

დღეს NCDC-მ წარადგინა დამუშავებული პაკეტი უწყებათშორისი საბჭოს სამდივნოში, რომელსაც სამდივნო განიხილავს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. ეს არის სრული პაკეტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან მიმართებით.

ჩვენთან ძირითადი დისკუსია ამაზე მიდის ანუ რა ტიპის „მწვანე პასპორტის“ ჩარჩო იქნას ქვეყანაში შემოღებული. ყველა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ისრაელში, საჭირო გახდა დამატებითი მექანიზმების შემოტანა ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად. ჩვენი ზღვარი, როცა მექანიზმები შეიძლება დაგვჭირდეს, იქნება ალბათ მოზრდილი მოსახლეობის 35-37%-ის ვაქცინაცია. ვფიქრობ, ამის შემდეგ დაგვჭირდება ირიბი მანდატორიზმის მექანიზმების შემოტანა“.

ამასთან, NCDC-ს ხელმძღვანელმა "მწვანე პასპორტის" არსი კიდევ ერთხელ განმარტა - მისი დანერგვის შემთხვევაში, მოქალაქეებმა საჯარო სივრცეებში უნდა წარადგინოს სრულად აცრის საბუთი ან ნეგატიური PCR/სწრაფი ტესტის პასუხი ან ბოლო 6 თვის განმავლობაში covid-ის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.

ამავე თემაზე საუბრისას ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ექიმები ყოველთვის მეტად რადიკალურები არიან და მეტს ითხოვენ, თუმცა საბჭო გადაწყვეტილებებს სხვადასხვა უწყების, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს,
ინტერესის გათვალისწინებით იღებს.

bm.ge-ს კითხვაზე - სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით უწყებათშორის საბჭოს რა საწინააღმდეგო არგუმენტი აქვს ან ვინ არის წინააღმდეგი, გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაციის სავალდებულოობის წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი ადამიანის უფლებებია.

„ვერ მათქმევინებთ ვერც ერთ პიროვნებაზე ვერაფერს. ტყუილად ცდილობთ“, - თქვა გამყრელიძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მასსა და პრემიერს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.