14.ივნისი .2021 21:41

რა ტემპით მიმდინარეობს კადასტრში ვენახების ჩართვა? - ინტერვიუ ლევან მეხუზლასთან

 რა ტემპით მიმდინარეობს კადასტრში ვენახების ჩართვა? - ინტერვიუ ლევან მეხუზლასთან
views 803
უკან

2021 წლის რთველი კადასტრის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდება. საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია, ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება. აღნიშნული ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რა ეტაპზეა დღეს კადასტრის პროგრამის განხორციელება, მოასწრებს თუ არა სახელმწიფო „რთველი 2021“-ის საკადასტრო მონაცემების საფუძველზე ჩატარებას, რა უნდა გააკეთოს მევენახემ კადასტრში დასარეგისტრირებლად და ზოგადად, რა პროცესებს მოიცავს კადასტრის წარმოება - BM.GE-მ ამ კითხვებით ღვინის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელ ლევან მეხუზლას მიმართა.

- რას გულისხმობს ვენახის კადასტრის პროგრამა და რამდენად მნიშვნელოვანია მასში ჩართვა?

ეს პროგრამა ქვეყანაში 2014 წლიდან მოქმედებს. შესაძლებლობების და ბიუჯეტის ფარგლებში ვენახების ფოტოგადაღება და კადასტრში ჩართვა ნელ-ნელა ხდებოდა. პირველი ეტაპი - გადაღება, ორთოფოტოების შეგროვება და კადასტრში ატვირთვაა, მეორე ეტაპი კი თითოეულ ნაკვეთზე საპასპორტო მონაცემების მიბმას გულისხმობს - ეს არის ჯიშურობა, გაშენების დრო, მეჩხერიანობა და ა.შ. და ის პიროვნება, რომელიც მართავს ვენახს და შემდგომში ამ ვენახიდან მოწეულ ყურძენს აბარებს.

ჩვენი საბოლოო მიზანია, ყველა ვენახის მიკვლევადობა მოხდეს. ყურძენი კომერციული მიზნით საკადასტრო ამონაწერის გარეშე არ უნდა ჩაბარდეს. ვისწრაფვით იმისკენ, რომ ეს პროცესი მიმდინარე წელს დასრულდეს და ამაზე ყველა საშუალებით ვმუშაობთ. ამავე დროს არის საშუალება, რომ რთველის პარალელურად, კადასტრში დარეგისტრირება მოხდეს, თუმცა ეს შეზღუდული რაოდენობით იქნება.

- რა უნდა გააკეთოს მევენახემ იმისთვის, რომ ვენახი ერთიან კადასტრში დაარეგისტრიროს?

დღეისთვის საკადასტრო მონაცემებზე მუშაობა კახეთში 33 ლოკაციაზე მიმდინარეობს. იმ რაიონებში, სადაც უკვე გადაღებულია და ვენახების შესახებ მონაცემები შესაბამის პროგრამაშია ატვირთული, ჩვენი ოპერატორები სამუშაო რეჟიმში არიან. მევენახეებს თავის სოფლებში მისვლა და კონკრეტული ნაკვეთებზე ინფორმაციის წარდგენა უწევთ. მევენახემ რუკაზე თავისი ნაკვეთი უნდა მოძებნოს და ამ ნაკვეთზე ოპერატორს რა ინფორმაციაც დასჭირდება ამ ინფორმაციით დეკლარირება უნდა მოახდინოს. პირველადი ინფორმაციის მოგროვება მევენახის მიერ მოწვდილი ინფორმაციის საფუძველზე ხდება.

- რამდენად ინფორმირებულები არიან მევენახეები და ხომ არ არის რისკები, რომ ყურძნის ნაწილი ჩაუბარებლად დარჩება? 

ჩაუბარებელი ყურძნის რისკს, რასაკვირველია, გამოვრიცხავთ, საბოლოო ჯამში, უპირველესი მიზანია, რომ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია, ჩვენი ღვინის ხარისხსა და მიკვლევადობაზე ზრუნვა.

რაც შეეხება საინფორმაციო კამპანიას, თებერვლიდან ამ პროცესთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჩვენი არხების საშუალებით მიმდინარეობს. სოფელ-სოფელ დავდიოდით ღვინის ეროვნული სააგენტოს და სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები. ასევე გუბერნიის დონეზე მუნიციპალიტეტების დონეზე იციან, რომ რთველი საკადასტრო მონაცემებით იქნება.

2019-2020 წლის რთველი მსგავსი მექანიზმით - კადასტრის საფუძველზე ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ნაწილში ჩატარდა. წელს მიზნად კახეთის და რაჭა-ლეჩხუმის კადასტრის ბოლომდე მიყვანაა. 2019 წელს ყვარელში 11-ვე სოფელში ჩვენი წარმომადგენლები ვენახის პასპორტებს რთველის მიმდინარეობის პარალელურად გასცემდნენ.

- როგორ მიმდინარეობს კადასტრში აღრიცხვის პროცესი? როგორია კადასტრში დარეგისტრირების მხრივ აქტივობა და როგორია თქვენი მოლოდინი, შეძლებთ წელს კადასტრის საფუძველზე რთველის ჩატარებას?

დღეისთვის აქტივობა ისეთი მაღალი არ არის და მოსახლეობას ამ მიმართულებით აქტივობისკენ მოვუწოდებთ, განსაკუთრებით ყვარლის მუნიციპალიტეტში, სადაც თუ რაიმე შეიცვალა, მევენახეებს ვთხოვთ რომ ეს ინფორმაცია მოგვაწოდონ, გურჯაანის, თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტები მთლიანად მოვიცავით. პარალელურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში გადაღება. ასევე დაიწყება რაჭა-ლეჩხუმის გადაღებები.

რაც უფრო მოახლოვდება რთველი, მით უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება აქტივობის შესახებ და თუ რთველამდე ვენახების 70%-ის დარეგისტრირება მოვახერხეთ, დარჩენილ 30%-ს რთველის მიმდინარეობის პარალელურად დავძლევთ.

ცნობისთვის: ამ ეტაპზე, ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება ყვარელში, გურჯაანში, სიღნაღში (წნორის მხარის სოფლები), თელავსა და ახმეტაში მიმდინარეობს. რეგისტრაცია ზემოთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ მოქმედ სარეგისტრაციო უბნებზე, სულ 33 ლოკაციაზეა შესაძლებელი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში ახალი სარეგისტრაციო უბნები დაემატება. დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრაციის დაწყებაზე მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა