მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„როცა ანაკლიის და ნამახვანჰესის მაგალითებია, რამ უნდა მოხიბლოს ინვესტორი“? - სანდრო ჭუმბურიძე

61bc99042d057
თელარა გელანტია
18.12.21 10:17
635
2021 წლის 9 თვეში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით $728.4 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით მეტია, თუმცა FDI-ს შორის $613 მილიონი არა ახალ ინვესტიციებზე, არამედ რეინვესტიციებზე მოდიოდა. შესაბამისად, წელს რეინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში 84% იყო. ასეთივე მაღალი იყო რეინვესტიციები 2020 წელსაც და ის ინვესტიციების ნაკადის 80%-ზე მეტს შეადგენდა.

„როცა ანაკლიის და ნამახვანჰესის მაგალითებია, რამ უნდა მოხიბლოს ინვესტორი“? - EUGBC-ის გენერალური მდივანი სანდრო ჭუმბურიძე bm.ge-ს კითხვას კითხვითვე პასუხობს და იმ მთავარ გამოწვევებსა და გამოსავლის გზებზე საუბრობს, რამაც შეიძლება, საქართველოს მიმართ ახალი ინვესტორების ინტერესი გაზარდოს.

როგორც სანდრო ჭუმბურიძემ ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რამდენიმე კვირის წინ გამართულ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, რომელსაც თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, EUGBC უცხოური ინვესტიციების ნოვატორული მიდგომებით მოზიდვის ინიციატივით გამოვიდა, რომლის მთავარი არსი სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული გარანტიების გაცემაა.

„სახელმწიფომ ისეთი პირობები უნდა შესთავაზოს ინვესტორებს, რომ მათ ინვესტირებაზე ფიქრი დაიწყონ. მოდი, დავსვათ კითხვა - რა სჭირდება უცხოელ ინვესტორს, როდესაც ქვეყანაში შემოდის: პირველი - აუცილებელი პირობაა სტაბილური გარემო ანუ არ იყოს მუდმივი პოლიტიკური ტურბულენტობა, რომელიც გამოიწვევს ეკონომიკურ არასტაბილურობას; მეორე - გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა, რომელიც გვაქვს, მაგრამ გაუმჯობესება სულ არის შესაძლებელი და მესამე - დამოუკიდებელი სასამართლო. თუ ამ სამ პირობას შევუქმნით ინვესტორებს, დარწმუნებული ვარ, ბევრს არ იფიქრებენ საქართველოში ინვესტიციის ჩადებაზე.

თუმცა პირდაპირ დავსვათ კითხვა - საქართველოში ინვესტორი რამ უნდა დაააინტერესოს, რომ ჩადოს დიდი ინვესტიცია?! ისინი ხომ ყველაფერს უყურებენ და როცა ანაკლიის და ნამახვანჰესის მაგალითებია, რამ უნდა მოხიბლოს ინვესტორი?!
რამდენი წელია ვსაუბრობთ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, მაგრამ შედეგი მაინც არასასურველი და არასაკმარისია. სწორედ ამიტომ ჩვენ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე გამოვედი ინიციატივით, მომზადდეს პაკეტი, რომლის პირობითი სახელი იქნება - „პრემიერის პაკეტი ინვესტორებს“ და ვინც არ უნდა იყოს პრემიერი ან ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ყველამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ინვესტორის ინტერესები იქნება დაცული და ყველამ უნდა გააგრძელოს ეს გზა. ესაა ჩემი აზრით, ინვესტორების დაინტერესების ერთადერთი გზა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ინვესტორების მოსაზიდაიდ.

მაგალითად, იმ პაკეტში ერთ-ერთი მუხლი ასეთი უნდა იყოს - დავუშვათ, გვყავს ინვესტორთა ჯგუფი გერმანიიდან, მას ხვდება პირადად პრემიერ-მინისტრი და სთავაზობს პაკეტს, რომლითაც იღებს ვალდებულებას, რომ მისი ინტერესები სამთავრობო დონეზე იქნება დაცული მიუხედავად ხელისუფლების თუ პრემიერების ცვლილებისა. რა თქმა უნდა, არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა საინვესტიციო პროექტების სტრუქტურას.

ეს უნდა იყოს ერთგვარი ჯენტლმენური შეთანხმება. თუკი ასეთი მიდგომა იქნება, მე ვერ გეტყვით, რომ იმავე წუთში ინვესტორების დიდი ნაკადი მოგვაწყდება, მაგრამ იქნებ დააფიქროთ ინვესტორები, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში. მოკლედ, მთავარია, პასუხისმგებლობის აღება. სამწუხაროდ, 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ ვისწავლეთ პასუხისმგებლობის აღება და ამიტომაც ვართ ასეთ მყიფე, არამდგრად მდგომარეობაში“, - განაცხადა სანდრო ჭუმბურიძემ.

EUGBC-ი გეგმავს, ინიციატივა სრულყოს და იანვრის ბოლოს ინვესტორთა საბჭოს მორიგ სხდომაზე წარადგინოს. სანდრო ჭუმბურიძის თქმით, საქართველო-ევროკავშირის საბჭოს ინიციატივამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესი გამოიწვია.