მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“IMF-ის პროგრამის საკითხს ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე დავაყენებთ“ – EUGBC

ანალიტიკა

ევროკავშირი საქართველოს ბიზნესსაბჭო აპირებს IMF-ის პროგრამის შეჩერების საკითხი ინვესტორთა საბჭოზე განსახილველად გაიტანოს. ამის შესახებ ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა სანდრო ჭუმბურიძემ „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ინვესტორთა საბჭო საჯარო-კერძო დიალოგის დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს. შემდეგი სხდომა უკვე ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით ჩატარდება.

ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობის მიზნით, ინვესტორთა საბჭო უზრუნველყოფს დიალოგის წარმოებას ბიზნესსაზოგადოებას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის 6 თებერვალს, „ანალიტიკა“–ს ექსკლუზიურ ინტერვიუში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ენდრიუ ჯუელმა დეტალურად განმარტა, თუ რატომ არის შეჩერებული (და არა – შეწყვეტილი) საქართველოში ე.წ. Stand-By პროგრამა და ხაზი გაუსვა, რომ პროგრამის შეჩერება, შესაძლოა, საქართველოში უცხოელი ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად აისახოს. ამავე ინტერვიუში, ენდრიუ ჯუელმა თქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს სებ–ის საბჭოს ვაკანტურ ადგილებზე პროფესიონალი კადრების ხილვა სურს.

„ანალიტიკა“–ს ექსკლუზიური ინტერვიუს პირდაპირ ეთერში გასვლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონკურსი გამოაცხადა, რომელიც 23 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც პრეზიდენტი შერჩეულ კანდიდატებს პარლამენტს წარუდგენს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ წარდგენილი კანდიდატები ეროვნულ ინტერესებს უნდა აკმაყოფილებდნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის თქმით, დღეს IMF–ის პროგრამის არსებობას საქართველოში ინვესტორებისთვის სიგნალის ფუნქცია აქვს – რომ ფისკალური და მაკროეკონომიკური დისციპლინა ქვეყანაში დაცულია და ეკონომიკური პოლიტიკა თანმიმდევრულად ხორციელდება. ამდენად, ენდრიუ ჯუელი არ გამორიცხავს, რომ პროგრამის დიდი ხნით შეჩერებამ, შესაძლოა, ინვესტორები დააპაუზოს. ენდრიუ ჯუელის ეს მოლოდინი „ანალიტიკა“–მ ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოსთან გადაამოწმა.

სანდრო ჭუმბურიძე ამბობს, რომ ინვესტორებს ამ საკითხში მეტი მკაფიოობა სჭირდებათ.

თქვენც და ინვესტორებიც, ვინც თქვენს საბჭოში შედიან, უყურებთ თუ არა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას, როგორც ფისკალური და მაკროეკონომიკური დისციპლინის საზომს და მოდის თუ არა დღეს კითხვები თქვენამდე იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არის შეჩერებული ეს პროგრამა, რატომ არ სრულდება ის მიმოხილვები, რომლებიც კონკრეტული რეფორმების შესრულებაზეა მიბმული – სებ–ის დამოუკიდებლობა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და ა.შ.?

- მე ვერ გეტყვით, რომ ყოველდღიურად ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ არის კითხვები ბიზნესიდან, ნამდვილად არის. სხვათა შორის, ჩვენ ვფიქრობთ, ამ საკითხის განხილვას ინვესტორთა მომავალ საბჭოზე, ვინაიდან პრაქტიკულად ეს თემა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის ძალიან მდგრადი კომპონენტია. მიმაჩნია, რომ ეს აუცილებლად უნდა განვიხილოთ ინვესტორთა საბჭოზე. შემდეგ სხდომაზე ჩვენ ვიქნებით ამის ინიციატორები

დავაზუსტებ, ბატონო სანდრო, თემაში გულისხმობთ IMF–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და Stand-by პროგრამის შეჩერების მიზეზებს – ასეა?

- დიახ. ვინაიდან ინვესტორთა საბჭოზე შეიძლება კონკრეტიკაზე არ იყოს საუბარი, მაგრამ ზოგადი ინფორმაციის გაცვლა შეიძლება მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის მოხდეს. ჩვენ, როგორც ბიზნესსაბჭო, მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველთვის ვთხოვთ ინფორმაციის გაცვლას, რაც ვფიქრობ, მთავრობისთვისაც საინტერესო იქნება და შესაძლებელია სამდივნოში ეს საკითხი დავაყენოთ და შემდგომში უკვე განხილვის ფორმატს თვითონ სამდივნო გვეტყვის. ამ თემის მონიტორინგი ჩვენი ვალდებულება არ არის, მაგრამ შესაძლებელია, რომ ინვესტორთა საბჭოზე ამ საკითხის აქტუალიზაცია და განხილვა მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები