მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-თან ახალი პროგრამის საკითხი არ განიხილება, ამ ეტაპზე მისი საჭიროება არ დგას - კაკაურიძე

გიორგი კაკაურიძე

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

როგორც BMG-ის კითხვის პასუხად ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, ამ დროისთვის ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს IMF-თან მიმდინარე პროგრამა არ აქვს, ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურია და მას საერთაშორისო ინვესტორების ნდობა აქვს.

“არც ახლა არ იგეგმება ახალი პროგრამის [დღის წესრიგში დაყენების] საკითხი, ვინაიდან საჭიროება დღეის მდგომარეობით ახალ პროგრამაზე არ დგას. ახალი პროგრამა ჩვენ შეიძლება გვქონდეს იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული მოცემულობა იქნება, რისთვის გვჭირდება ახალი პროგრამა. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ მიუხედავად პროგრამა იქნება თუ არა, მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელი პარამეტრები უნდა გვქონდეს დაცული და ეს პარამეტრები, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოთხი წელია პროგრამა არ გვაქვს, შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეაფასოთ. ის, რომ ჩვენი მაკროეკონომიკა არის სტაბილური და მას ნდობა აქვს, ეს გამოიხატება უკვე ინვესტორების ნაწილში, როგორც საკრედიტო რეიტინგებში, ასევე იმაზე გაცილებით უფრო მეტი ნდობა აქვს უცხოელ ინვესტორებს, არარეზიდენტ ინვესტორებს ჩვენი ობლიგაციების მიმართ. მათ შორის, ეს გამოიხატა წელს, ერთის მხრივ, ევროობლიგაციების გამოშვების დროს, როცა 5-ჯერ აღემატებოდა მოთხოვნა გამოშვებულ მოცულობას და ასევე გამოიხატა ივნისში განხორციელებულ ლარის ფასიანი ქაღალდების ემისიის დროს, როდესაც ლარში ჩვენი კანონმდებლობით გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე არარეზიდენტი ინვესტორების მოთხოვნა იყო ორჯერ უფრო მაღალი, ვიდრე გამოშვებული ემისიის მოცულობა”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

რაც შეეხება იმ საკითხებს, რის განხილვასაც საქართველოს დელეგაცია ბანგკოკში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში IMF-ის წარმომადგენლებთან გეგმავს, კაკაურიძე აცხადებს, რომ ეს ძირითადად მაკროეკონომიკურ პროგნოზებს შეეხება.

“[IMF-თან ვისაუბრებთ] პროგნოზებზე, რაც უკვე უნდა დაზუსტდეს მომდევნო ბიუჯეტის დროს, მათ შორის ეკონომიკურ პროგნოზებზე, მათ შორის იქნება მომდევნო წლების მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების განხილვა და შეჯერება”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს დღეს IMF-ის მოქმედი პროგრამა არ აქვს. წინა, $280-მილიონიანი პროგრამა კი, 2023 წელს შეჩერდა და მიმოხილვის გარეშე დასრულდა. მთავარი მიზეზი - ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესული ცვლილებები და ინსტიტუციის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული კითხვები იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები