კაპიტალის ბაზრის ექსპერტ მარინა გულედანის შეფასებით, საქართველოში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა მდგრადი და ინკლუზიური არ არის, რაზედაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის (IMF) შეფასებები და პროგნოზებიც მიუთითებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილთან ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა და რისკებიც შეაფასა.
„[ბოლო წლებში] ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მომდევნო წლის პროგნოზი უფრო დაბალია ( 5.7%). ფონდი მაღალ ინფლაციაზეც მიუთითებს - თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, მოლოდინებში აისახება და სწორედ ამ პრობლემას ხედავს IMF. მათ შორის აქვთ შიში, რომ ომის დასრულების შედეგად ის რესურსები, რომლებზეც რეალურად დგას ეს ეკონომიკური ზრდა, შემცირდება და ტემპიც ნელ-ნელა დაბლა ჩამოიწევს. ცხადია, ეს ზრდა მდგრადი და ინკლუზიური არ არის, რის გამოც სავალუტო ფონდი სტრუქტურული ცვლილებებისკენ, ეროვნულ ბანკში მმართველობითი რეფორმისა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებისკენ მოგვიწოდებს“, - აცხადებს მარინა გულედანი.
კითხვაზე, რატომ არ იყო სავალუტო ფონდის ბოლო პრესრელიზში პირდაპირი ჩანაწერი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ და ხომ არ დაინდო მისიამ სებ-ი, კაპიტალის ბაზრის ექსპერტი პასუხობს, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დიპლომატიურ ენაში მთავარი გზავნილები ხაზებს შორის იკითხება.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა ფინანსური ინსტიტუტები მკვახე სიტყვებით არ გამოირჩევიან და ხშირად ინფორმაცია ხაზებს შორის იკითხება. ამ შემთხვევაში აპელირება იყო საბჭოს არააღმასრულებელ წევრებზე. შესაძლოა, სიტყვა „დამოუკიდებლობა“ არ ეწერა, მაგრამ ეწერა მმართველობის რეფორმა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, გამჭვირვალობა და ინფორმირება. გამორიცხულია, [სების საბჭოს წევრის] ნანა ყეინიშვილის კაზუსის ფონზე ეს საკითხი ლუპის ქვეშ არ მოქცეულიყო. მეორე მხრივ, შესაძლოა, ფონდი მოერიდა ხმამაღალ განცხადებებს, რადგან სებ-ის რეპუტაცია ისედაც ძალიან დაზარალდა და უფრო მკვეთრი შეფასება გლობალურ ბაზრებსა და ციფრებში მომენტალურად აისახებოდა“, - განმარტა მან.
ნანა ყეინიშვილის გარშემო განვითარებულ სკანდალსა და მისი გადადგომის ფაქტზე საუბრისას, მარინა გულედანმა აღნიშნა, რომ ეს ეროვნული ბანკის რეპუტაციაზე მორიგი სერიოზული დარტყმაა, სებ-ის განმარტებები კი - არასაკმარისი.
„ეს დიდი რეპუტაციული დარტყმა იყო, მით უმეტეს, რომ პირველი შემთხვევა არ არის - გვახსოვს ოთარ ფარცხალაძის საქმე, შემდეგ თავად ქალბატონი ნანა ყეინიშვილის ხმაურიანი დანიშვნა სების საბჭოში, ახლა კი, ეს მოხდა. ეროვნული ბანკის გამოსვლა და იმის მტკიცება, რომ საქმის კურსში არ იყვნენ, არანაირად არ არის საკმარისი. უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის პარალელურად, ვიცით, რომ სებ-ი უფრო ადრე იყო ინფორმირებული და სათანადო ზომები არ მიუღია - არ ჩაუტარებია მოკვლევა, არ შეუკვეთავს დამოუკიდებელი შეფასება და გამჭვირვალედ არ გამოუტანია ინფორმაცია საჯაროდ. ეროვნული ბანკი სათანადოდ ანგარიშვალდებულად თავს არ გრძნობს. შეუძლია თქვას, რომ არაფერი გაუკეთებია, მაგრამ არაფერს გვაჩვენებს იმის დასამტკიცებლად, რომ კულისებში არაფერი მომხდარა“, - აღნიშნავს გულედანი.
ინტერვიუს დასასრულს, კითხვაზე, რას უნდა დაესვას წერტილი ქვეყანასა და საფინანსო სექტორში, კაპიტალის ბაზრის ექსპერტმა მთავარ გამოწვევად კანონის უზენაესობის აღდგენა დაასახელა.
“პროფესიით იურისტი ვარ და იქნებ კანონის უზენაესობას ვუშველოთ რამე. სწორედ კანონის უზენაესობაზე უნდა იდგეს კონსტიტუციური სახელმწიფო და ყველაფერი დანარჩენი: სასამართლოც, ეროვნული ბანკიც, პარლამენტიც და მთავრობაც“, - განაცხადა მარინა გულედანმა.
























