მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის მისია საქართველოში ვიზიტს აჯამებს - ფონდის განცხადება

IMF

IMF-ის მისიამ საქართველოში შეხვედრები 9-13 ნოემბერს გამართა. მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაიდენბერგი შეხვდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს, ასევე სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

ფონდი განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე გამოწვევაზეც, მათ შორის, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალ დონეზე შენარჩუნებაზე, დოლარიზაციისა და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდით გამოწვეულ რისკებზე, ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვის შესაძლო გავლენაზე საინვესტიციო გარემოზე და სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელების შეფერხებაზე. IMF ასევე მიუთითებს შრომის ბაზარზე არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, დასაქმების შედარებით დაბალ დონესა და უნარების შეუსაბამობაზე.

IMF-ის მისია შემდეგ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას:

ეკონომიკური ზრდა

საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და ენერგომატარებლების მაღალი ფასების მიუხედავად. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში რეალური მშპ 7.4 პროცენტით გაიზარდა.

ეკონომიკურ საქმიანობაში წამყვანია საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სექტორები, თუმცა ბოლო თვეებში ზრდის ტემპის მოდერაცია შეიმჩნევა.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ტურიზმიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავლებზე და მთლიან ეკონომიკაზე, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ შეზღუდული გავლენა მოახდინა, თუმცა ტურისტების ვიზიტები უშუალოდ ომთან დაკავშირებული ქვეყნებიდან შემცირდა.

2025 წელს 7.5 პროცენტით ზრდის შემდეგ, 2026 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 7.2 პროცენტია, ხოლო 2027 წელს – 5.7 პროცენტი. ეს ნიშნავს, რომ ზრდის ტემპი თანდათან მიუახლოვდება საშუალოვადიან პოტენციურ, 5-პროცენტიან მაჩვენებელს.

ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა

ინფლაცია 2025 წლის მარტის შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს აღემატება, ხოლო 2026 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9 პროცენტს მიაღწია.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ენერგომატარებლების გაზრდილი ფასები ინფლაციის ძირითადი მამოძრავებელია. ინფლაციური წნეხი გაფართოვდა. საბაზო ინფლაციამ ოქტომბერში 4 პროცენტი შეადგინა, სადაც ვაჭრობადი საქონლის ინფლაცია იზრდება და მომსახურების სფეროს მომატებული ინფლაცია ნარჩუნდება.

ენერგომატარებლების ფასის ზრდის ეფექტის გალევასთან ერთად ინფლაციის ტემპი შემცირდება, მაგრამ ახლო მომავალში საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტამდე მიმდინარე წლის მაისში გაზარდა და მას შემდეგ იგივე დონეზე შეინარჩუნა.

თუ ინფლაცია ადრე ნავარაუდევზე მეტად გახანგრძლივდა, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაბრუნებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იქნება საჭირო. მონეტარული პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ მეორე რაუნდის ეფექტები და ინფლაციის მოლოდინები.

საგარეო სექტორი და საერთაშორისო რეზერვები

საქართველოს საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. 2026 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 2.5 პროცენტამდე შემცირდა, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორის ძლიერი ექსპორტითა და მთლიანი იმპორტის ნაკლებად ინტენსიური ზრდით იყო განპირობებული.

ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ოქტომბრის ბოლოსთვის 8.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ეს მოხდა იმის ფონზე, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს უცხოური ვალუტის შესაძლებლობისთანავე შესყიდვას, მიმდინარე ანგარიშის ძლიერი ბალანსისა და დიდი ფინანსური შემოდინებების პირობებში.

რეზერვების დაგროვებისადმი არსებული მიდგომა შეესაბამება საგარეო შოკების მიმართ მედეგობის ზრდის მიზანს და ხელს უწყობს ბაზრის ნდობასა და გაცვლითი კურსის მოქნილობას.

ეკონომიკური პერსპექტივის რისკები

ეკონომიკის პერსპექტივის გარშემო მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება.

ახლო აღმოსავლეთში ომის განახლებულმა ესკალაციამ შესაძლოა ენერგომატარებლებისა და სურსათის ფასები გაზარდოს და ტურიზმი შეაფერხოს. შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვამ შესაძლოა ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

უკრაინაში ომის დასრულებამ შესაძლოა განამტკიცოს რეგიონული სტაბილურობა, ნდობა და სავაჭრო პერსპექტივები, თუმცა, ამავდროულად, შესაძლოა უკუმიმართულება მისცეს მიგრაციულ და ფინანსურ ნაკადებს, რომლებმაც ხელი შეუწყო ეკონომიკის ზრდას ბოლო წლების განმავლობაში.

მეორე მხრივ, ინვესტიციების გააქტიურებამ, მათ შორის უძრავი ქონების მსხვილი პროექტების ფარგლებში, შესაძლოა მეტად წაახალისოს ეკონომიკური აქტივობა.

ფისკალური პოლიტიკა და სახელმწიფო ბიუჯეტი

ფისკალური პოლიტიკა კვლავაც გონივრულად იმართება. 2026 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 1.5 პროცენტის დონეზე იქნება, სახელმწიფო ვალი კი მშპ-ის 33 პროცენტამდე დაიკლებს.

ბიუჯეტით გათვალისწინებულზე დაბალი დეფიციტი განპირობებულია შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებითა და კაპიტალური ხარჯების ათვისების დაგვიანებით, ისევე როგორც 2025 წელს, რის გამოც სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელება გვიანდება.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს დეფიციტს მშპ-ის 2.5 პროცენტის ოდენობით და გულისხმობს სოციალური ხარჯების, საჯარო სექტორის ხელფასებისა და კაპიტალური ინვესტიციების ზრდას.

შესყიდვების კონტრაქტების დახვეწა და პროექტების მზაობის უკეთესი მაჩვენებელი ხელს შეუწყობს 2027 წელს კაპიტალური ბიუჯეტის უფრო დროულ შესრულებას, თუმცა განხორციელების რისკები ნარჩუნდება.

ენერგომატარებლების გაზრდილი ფასების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს მიზნობრივი, იცავდეს მოწყვლად ოჯახებს და არ გულისხმობდეს ისეთ ფართომასშტაბიან ჩარევებს, რომლებიც გაზრდის ფისკალურ ხარჯებს და შეცვლის ბაზრისთვის ფასების სიგნალს.

საფინანსო სექტორი

საფინანსო სექტორი ჯანსაღია. ბანკების კაპიტალიზაცია, მომგებიანობა და ლიკვიდურობა მაღალია, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა კი დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება.

მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, დოლარიზაცია კვლავაც ფინანსური მოწყვლადობის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. ამასთან, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების, მათ შორის იპოთეკური სესხების, ბოლოდროინდელი ზრდა ყურადღებას საჭიროებს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვირტუალური აქტივების მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების კუთხით.

სექტორის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ზედამხედველობა და აღსრულება, მათ შორის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართული მყარი დამცავი მექანიზმების განხორციელება.

შრომის ბაზარი და სტრუქტურული რეფორმები

ბოლო პერიოდის ძლიერ ზრდას თან ახლდა შრომის ბაზრის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, თუმცა დასაქმების დონე მსგავს ქვეყნებთან შედარებით კვლავ დაბალია, ხოლო ბევრ დასაქმებულს ჯერ კიდევ არ მიუღია სარგებელი უფრო პროდუქტიულ საქმიანობაში ჩართვით.

უნარების შეუსაბამობის შემცირება, პროფესიული განათლებისა და დასაქმების სერვისების გაუმჯობესება უკეთეს სამუშაო ადგილებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

ზოგადად, რეფორმები, რომლებიც მიმართულია პროდუქტიულობის ამაღლების, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და კერძო სექტორში პროდუქტიული ინვესტიციების წახალისებისკენ, ხელს შეუწყობს მეტად ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

ეროვნული ბანკის მმართველობა

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს.

ეს ცვლილებები ნერგავს კოლეგიალურობის პრინციპს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას, აძლიერებს სებ-ის მმართველი საბჭოს წევრების ადგილმონაცვლეობის მექანიზმს და საბჭოს წევრობის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს.

სსფ-ის მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას, გადაწყვეტილების მიღების კოლეგიალური მოდელი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც დაინერგოს.

ამასთან, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომ სებ-ის მმართველ საბჭოში არამმართველი წევრების უმრავლესობა მუდმივად იქნას შენარჩუნებული, ადრე გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

სახელმწიფო საწარმოები

სახელმწიფო საწარმოების მონიტორინგსა და ფინანსურ ზედამხედველობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე დაყრდნობით, ახლახან მიღებული სახელმწიფო საწარმოების სამოქმედო გეგმა შემდგომი რეფორმების საფუძველს ქმნის.

მნიშვნელოვანი იქნება მისი ეფექტიანი განხორციელება. კორპორაციული მართვისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად საჭირო იქნება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ უნდა იმუშაოს ფინანსებზე წვდომის კუთხით ბაზრის ხარვეზების შემთხვევებში და შექმნას ისეთი პირობები, რომ თავი აარიდოს კერძო დაფინანსების ჩანაცვლებას პროექტებში და ფისკალური რისკების შექმნას.

მისიის დასკვნითი განცხადება

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ხელისუფლებას და ყველა სხვა პარტნიორს გულითადი მასპინძლობისთვის და პროდუქტიული დისკუსიებისთვის.

სსფ-ის მისია შეხვდა სებ-ის პრეზიდენტს, ქალბატონ ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრს, ბატონ ლაშა ხუციშვილს, ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს, ასევე სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და განვითარების პარტნიორების წარმომადგენლებს.

2026 წლის IV მუხლის კონსულტაცია დაგეგმილია 2027 წლის აპრილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები