მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში

ირაკლი კობახიძე

გთავაზობთ 28 სექტემბერი - 4 ოქტომბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.

2027 წლის ბიუჯეტის ხარჯები პირველადი პროექტით 32 მილიარდ ლარს მიაღწევს

ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობის ასიგნებების მოცულობა 1.2 მილიარდი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 32 მილიარდ ლარს მიაღწევს. აქედან სამინისტროებში დასაქმებული 117,000 მოხელის ანაზღაურება 316 მილიონი ლარით, 3.73 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. საჯარო სექტორის მოხელის საბაზო ხელფასი კი 8%-ით, 1735 ლარამდე გაიზრდება. ყველაზე დიდი დაფინანსება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს — 10.48 მილიარდი ლარი, პენსია 70 წლამდე პირებისთვის 390, ხოლო 70 წლისა და უფროსებისთვის 555 ლარი გახდება. მეორე ადგილზეა ინფრასტრუქტურის სამინისტრო 3.3 მილიარდი ლარით (ზრდა 183 მლნ), მესამეზე კი განათლების სამინისტრო 2.92 მილიარდი ლარით (ზრდა ₾226 მლნ).

მომდევნო წლის საგადასახადო გეგმა 25 მილიარდ ლარამდე იზრდება

ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსების უმთავრესი წყარო გადასახადები იქნება, რომლის გეგმაც 2027 წელს 2 მილიარდი ლარით, 25.2 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, რაც 8.8%-იან მატებას წარმოადგენს. თავად ბიუჯეტი კი 5%-ის ეკონომიკურ ზრდაზე არის დაგეგმილი. 2026 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად - 936 მილიონი ლარით დამატებული ღირებულების გეგმა იზრდება და ის 9.68 მილიარდ ლარს მიაღწევს, საშემოსავლო გადასახადის გეგმა 779 მილიონი ლარით, 9 მილიარდ ლარამდე იზრდება. ასევე იზრდება მოგების გადასახადის გეგმა 3.55 მილიარდ ლარამდე, ხოლო აქციზის და იმპორტის გადასახადის გეგმა კი 2027 წელს უცვლელი იქნება.

2027 წლის საგარეო ვალის გეგმა 2.07 მილიარდი ლარია, შიდა ვალის კი 2.6 მილიარდი ლარი

მთავრობა მომდევნო წელს 4.67 მილიარდი ლარის ახალი სესხების აღებას გეგმავს, საიდანაც 2.6 მილიარდი ლარი შიდა ვალი იქნება, ხოლო 2.07 მილიარდი ლარი კი ახალი საგარეო სესხები, ეს თანხა 2026 წელთან შედარებით 1.2 მილიარდი ლარით არის შემცირებული, რაც იმას უკავშირდება რომ 2026 წელს საქართველოს მთავრობამ $500-მილიონიანი ევრობონდი განათავსა. შიდა ვალის მხრივ კი მთავრობა მომდევნო წელს 800 მილიონი ლარის მატებას გეგმავს.

81 ათას პირს ქონების გადასახადის გადახდა აღარ მოუწევს, გადახდის ზღვარი 40,000 ლარის ნაცვლად 100,000 ლარი გახდა

ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება. ცვლილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო და ის დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება.

კანონის მიხედვით, 40 000-100 000 ლარის შემოსავლის მქონე პირები გადასახადს აღარ გადაიხდიან. 2025 წლის დეკლარაციების მიხედვით, ამ კატეგორიაზე ჯამურად 22.3 მილიონი ლარის გადასახადი იყო დარიცხული, რაც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში აღარ შევა.

ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების PTI წესი შეცვალა - ₾1500-2500-ის შემოსავლის მქონე პირებს კრედიტზე ხელმისაწვდომობა შეუმცირდებათ

საქართველოს ეროვნული ბანკი 2027 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობებს ამკაცრებს. ცვლილება შეეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს, ანუ PTI-ს, რომელიც განსაზღვრავს, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის რა ნაწილის გამოყენება შეიძლება სესხის მომსახურებისთვის. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამჟამად მოქმედი შემოსავლის 1500-ლარიანი ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. 2027 წლის 1 თებერვლიდან 25%-იანი PTI-ის მოთხოვნა 2000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე გავრცელდება, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან ზღვარი 2500 ლარამდე გაიზრდება. ეროვნული ბანკის განმარტებით, ცვლილების მიზანი ჭარბვალიანობის რისკების შემცირება და ფინანსური სისტემის მდგრადობის შენარჩუნებაა.

სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ს შეადგენდა

2026 წლის სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში არის აღნიშნული. ინფლაციის მაჩვენებელი იგივეა რაც აგვისტოს განმავლობაში იყო. საქსტატის თანახმად, ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა საწვავის ფასის ზრდამ მოახდინა, რომელიც მთლიან ინფლაციაში 2.2 პპ-ის წვლილით აისახა. ტრანსპორტი და საწვავი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.8%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.9%).

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის თანახმად, აგვისტოს განმავლობაში საქართველოს კერძო ბიზნესის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 16.85 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 12.1%-ით არის გაზრდილი. ეკონომიკის სექტორებიდან ზრდა დაფიქსირდა ფაქტობრივად ყველა მიმართულებით, გარდა მშენებლობის დარგისა.

206-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური სატესტოდ ამუშავდა

"206-მეგავატიანი ქარის სადგური უკვე სატესტოდ გაეშვა", - ამის შესახებ „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა BMG-ს განუცხადა, პროექტს "ფერის" შემადგენლობაში არსებული კომპანია "ვინდ ფაუერი" ახორციელებს. ახალი სადგური ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისში აშენდა და ის 33 ტურბინას მოიცავს. ლაშა იორდანიშვილის განმარტებით, სადგურის სატესტო რეჟიმში ოპერირების ვადა 3 თვით არის განსაზღვრული, თუმცა, კომპანია ტესტირებების დასრულებას უფრო მალე მოელის, რის შემდეგაც სადგური სრული სიმძლავრით დაიწყებს ოპერირებას.

პროექტს EBRD 119 მილიონი დოლარის ოდენობის სესხით აფინანსებს, ხოლო პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 240 მილიონ დოლარს აღემატება.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, "შუა დერეფანის" შესაძლებლობის ათვისება საქართველოს ეკონომიკას ყოველწლიურად დამატებით 3.61%-ით გაზრდის

"შუა დერეფნის" განვითარება საქართველოს ეკონომიკას გრძელვადიან პერიოდში დამატებით 3.61%-ით გაზრდის, დასაქმებას კი - 0.79%-ით. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ ანგარიშში "ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ" წერია.

კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "შუა დერეფანს" აქვს პოტენციალი მოგვევლინოს ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალად და მოიტანოს ეკონომიკური სარგებელი. მსოფლიო ბანკის შეფასებით, დერეფნის განვითარება მონაწილე ქვეყნების ეკონომიკებს ჯამში 3.3%-ით, ხოლო დასაქმებას 2.9%-ით გაზრდის, ამ სარგებლის მისაღებად კი ქვეყნებმა ინვესტიციებთან ერთად უნდა განახორციელონ პოლიტიკური, ინსტიტუციური და ოპერაციული რეფორმები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები