მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონიმიკასა და ბიზნესში

გიორგი კაკაურიძე პაატა კვიჟინაძე

გთავაზობთ 31 აგვისტო - 6 სექტემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

ფიზიკური პირების ქონების გადასახადის 40,000-ლარიანი ზღვარი იზრდება

"ფიზიკური პირების ქონების გადასახადის 40,000 ლარის ზღვარი შეიცვლება" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო ერთი კვირის ვადაში სამინისტროსა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ცვლილება 1 ნოემბრამდე, ანუ ამ გადასახადის დეკლარირების თარიღამდე დამტკიცდება.

აგვისტოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა

საქსტატის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა, ეს წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-ს 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება.ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ტრანსპორტის ჯგუფმა, რომელშიც წამყვანი ადგილი საწვავის ფასის ზრდას უჭირავს. გარდა ამისა, ინფლაციაზე გავლენა მოახდინა სურსათის გაძვირებამ ასევე, კომუნალური გადასახადების მატებამ, რაც აპრილიდან მოქმედებს და ჯანდაცვის სექტორში ფასების მატებამ.

ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა. საქსტატის თანახმად, ივლისის განმავლობაში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 17.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.6%-ით მეტია. საქსტატის მიხედვით, ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში ივლისის განმავლობაში ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ერთადერთი გამონაკლისი მშენებლობის სექტორი იყო. "2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში", - ნათქვამია საქსტატის წინასწარ ანგარიშში.

ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობი სრულად ჩაანაცვლა

ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დაასრულა - BSP აღნიშნავს, რომ 23 აგვისტოდან რუსული ნავთობი სრულად ჩაანაცვლეს რაც ყაზახური ნავთობის იმპორტით განხორციელდა, 30 აგვისტოს კი კომპანიამ 90,000 ტონა ლიბიური ნედლი ნავთობი მიიღო, რაც ყულევში ტანკერმა KRITI LEGEND-მა ჩაიტანა.

"სილქ როუდ ჯგუფი" $30-მილიონიანი ინვესტიციით დატა ცენტრის მშენებლობას იწყებს

„სილქ როუდ ჯგუფი“ DATA-ცენტრის მშენებლობას სექტემბერში დაიწყებს - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის VIII სეზონის გახსნის შემდეგ განუცხადა. „DATA-ცენტრის მშენებლობა დაიწყება სექტემბერში. დაახლოებით 10 თვეში გაიხსნება, ძალიან კარგი ტემპით მიდის დაგეგმვის პროცესი. ორსართულიან შენობაში 2-მეგავატიანი დატაცენტრი განთავსდება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - განაცხადა რამიშვილმა. საქართველოს კომუნიკაციების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერის "სილქნეტის" მიერ $30 მილიონი დოლარის ინვესტიციით, ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ქლაუდ სერვისების DATA- ცენტრის მშენებლობის შესახებ ცნობილი გასული წლის ბოლოს გახდა.

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი დაპატიმრებულია. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ასევე სასამართლოს ალტერნატივის სახით 20 000 ლარის ოდენობით გირაოც შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება მუქარის ფაქტზე წარედგინა.

გიორგი ბაჩიაშვილმა სახლი მაიამიზე $51.5 მილიონად გაყიდა - NYPOST

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა - ინფორმაციას ამის შესახებ NYPOST ავრცელებს. "ბიტკოინის იდუმალმა ინვესტორმა" ვილა სწრაფად გაყიდა", - წერს გამოცემა. სტატიაში არ წერია, კონკრეტულად რა რიცხვში გაყიდა ბაჩიაშვილმა ვილა:"აგვისტოს შუა რიცხვებში, ციხიდან გათავისუფლებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, ბაჩიაშვილმა მაიამიში მდებარე სახლი გაყიდა" - წერია სტატიაში და მითითებულია, რომ აღნიშნული უძრავი ქონების გაყიდვა ჰიბისკუსისა და პალმის კუნძულებისთვის რეკორდულია. გავრცელებული ინფორმაციით, სასახლეს აქვს ხუთი საძინებელი, მოახლის ოთახი, ექვსი სააბაზანო, სახლის ოფისი, სპორტული დარბაზი და 120 ფუტის სიგრძის წყალსატევი. შიგნით ასევე არის დიდი ფოიე, მისაღები და შეფ-მზარეულის სამზარეულო.

„სილქ როუდ ჯგუფი“ DATA-ცენტრის მშენებლობას იწყებს და ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა დაუდასტურა:

ბიძინა ივანიშვილის ასოციაცია "ატუ" მტკვრის სანაპიროზე რესტორნის აშენებას გეგმავს

ბიძინა ივანიშვილის ასოციაცია "ატუმ" თბილისის არქიტექტურის სამსახურს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდის და საარბრუკენის ხიდის, ასევე იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებული 4078 კვადრატული მეტრის განვითარების პროექტი წარუდგინა. არქიტექტურული პროექტის თანახმად, ასოციაცია "ატუ" ადგილზე მრავალფუნქციური ცენტრის აშენებას გეგმავს, რომლის ძირითადი დანიშნულებაც კაფეს და რესტორნის ფუნქციონირება იქნება.

Eagle Hills-ის თბილისის პროექტში 3,433 აპარტამენტი, 1,425 ვილა და 1,300 თაუნჰაუსი აშენდება

Eagle Hills-ის მიერ თბილისის მიმდებარედ, Tbilisi Waterfront-ის სახელით დაგეგმილ პროექტში ჯამში 6,158 საცხოვრებელი ერთეულის მოწყობაა გათვალისწინებული. დეტალური განაშენიანების გეგმის მიხედვით, მათ შორის იქნება 3,433 აპარტამენტი, 1,425 ინდივიდუალური ვილა და 1,300 თაუნჰაუსი. პროექტზე განაშენიანების რეგულირების გეგმა კომპანიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინა. Tbilisi Waterfront 633 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, რომელიც სახელმწიფომ Eagle Hills-ს უზუფრუქტით გადასცა და სოფლებში ყარაჯალარში, აღთაკლიაში, ფონიჭალასა და კრწანისში მდებარეობს. პროექტის განხორციელება სამ ფაზად არის დაგეგმილი და ბოლო ფაზის დასრულება 2040 წლისთვის იგეგმება. საინვესტიციო მოცულობა 3.4 მილიარდ დოლარამდე არის განსაზღვრული.

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ბრუნვამ $2.5 მილიარდს მიაღწია

2026 წლის პირველ შვიდ თვეში თბილისში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.45 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ($1.92 მლრდ) - საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის 2026 წლის ივლისის მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მხოლოდ ივლისში 4,475 ბინა გაიყიდა.

SOCAR-მა იტალიიდან 5,000 ტონა ბენზინი შემოიტანა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილმა SOCAR Georgia Petroleum-მა იტალიიდან, იმავე ჯგუფში შემავალი Italiana Petroli-სგან, საქართველოში 5,000 ტონა მაღალი ხარისხის ბენზინი პირველად შემოიტანა.არსებული ინფორმაციით ევროპული სტანდარტის შესაბამისი საწვავის პირველი პარტია ქვეყანაში SOCAR-ის კუთვნილი გემით შემოვიდა. ეს ნაბიჯი ორ კომპანიას შორის განხორციელებულ პირველ პირდაპირ კომერციულ ოპერაციად იქცა.

საქართველოში საწვავი ძვირდება

საქართველოში საწვავის გაძვირება გრძელდება — ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასმა 2-დან 14 თეთრამდე მოიმატა.

ქვემოთ წარმოდგენილია საწვავის კატეგორიების მიხედვით არსებული საშუალო ფასები და ბოლო პერიოდის ფასის ზრდის დიაპაზონი:

საწვავის კატეგორია საშუალო ფასი (1 ლიტრი) ფასის ზრდა (თეთრებში)
სუპერი ₾4.24 +2 - 6 თეთრი
პრემიუმი ₾3.86 +3 - 6 თეთრი
რეგულარი ₾3.69 +3 - 6 თეთრი
ევრო დიზელი / დიზელი ₾4.37 +5 - 14 თეთრი

წიწამური-ავჭალის გვირაბს ჩინური კომპანია გაიყვანს - შემოვლითი გზის ₾499-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეორე ლოტის — წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე ჩინურმა China Railway Tunnel Group Co., Ltd.-მა (CRTG) გაიმარჯვა. პროექტის ღირებულება საბოლოოდ 499.1 მილიონი ლარით განისაზღვრა, სამუშაოების დასრულების ვადა კი 36 თვეა. ტენდერში მონაწილეობა 10-მა კომპანიამ მიიღო. თავდაპირველად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 490 მილიონი ლარი იყო, თუმცა ყველა მონაწილემ აღნიშნულ თანხაზე მაღალი ფასი დააფიქსირა. ყველაზე დაბალი შეთავაზება China Railway Tunnel Group-ს ჰქონდა — 519.69 მილიონი ლარი. კომპანიასთან შემდგომი მოლაპარაკებების შედეგად ხელშეკრულების ღირებულება 499.15 მილიონ ლარამდე შემცირდა.

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება - პარლამენტს აღნიშნული თანამდებობა საშემოდგომო სესიაზე უნდა შეექმნა და სახელმწიფო მინისტრის პოსტი მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა. თუმცა, 27 აგვისტოს მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გაგრძელდება რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შერწყმის პროცესი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები