თუ საქართველოში ინფლაცია მოსალოდნელზე ხანგრძლივად შენარჩუნდება, შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის დამატებითი გამკაცრება გახდეს საჭირო - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაიდენბერგმა საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში აღნიშნა.
IMF-ის შეფასებით, საქართველოში ინფლაცია 2025 წლის მარტიდან ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება. 2026 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა. ფონდი ინფლაციური წნეხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შედეგად ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ფასებზე ზეწოლა ბოლო პერიოდში უფრო ფართო გახდა.
სსფ-ის განცხადებით, საბაზო ინფლაციამ ოქტომბერში 4% შეადგინა. ამასთან, იზრდება ვაჭრობადი საქონლის ინფლაცია, ხოლო მომსახურების სფეროში ფასების ზრდა კვლავ მაღალია. ფონდის მოლოდინით, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის ეფექტის შესუსტებასთან ერთად ინფლაციის ტემპი შემცირდება, თუმცა უახლოეს პერიოდში ის ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა დარჩება.
„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტამდე მიმდინარე წლის მაისში გაზარდა და მას შემდეგ იგივე დონეზე შეინარჩუნა. თუ ინფლაცია ადრე ნავარაუდევზე მეტად გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იქნება საჭირო ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაბრუნებლად“, - აღნიშნულია IMF-ის განცხადებაში.
ფონდი მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მეორე რაუნდის ეფექტებსა და ინფლაციის მოლოდინებს.
ამასთან, IMF-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, კვლავ მყარია. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში რეალური მშპ 7.4%-ით გაიზარდა. ფონდის პროგნოზით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 7.2% იქნება, 2027 წელს კი 5.7%-მდე შენელდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით, საქართველოში 9-13 ნოემბერს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ფონდის წარმომადგენლები შეხვდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს, ასევე სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
























