2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მეორე წარდგენაში თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 290 მლნ ლარით იზრდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა.
ბიუჯეტის პროექტით, 2027 წელს თავდაცვის სამინისტროსთვის 2 მლრდ 255.3 მლნ ლარის დაფინანსებაა გათვალისწინებული. 2026 წლის გეგმა 1 მლრდ 890 მლნ ლარი იყო.
კაკაურიძემ განმარტა, თუ რას უკავშირდება დაფინანსების მატება: "290 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება და ეს ძირითადად უკავშირდება თავდაცვის შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ნდობის ჯგუფზე და საკომიტეტო განხილვის დროს იყო ეს საკითხი დაყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში 70 მილიონი ლარის დამატება ხდება. ეს არის მათ შორის კონტინგენტის და სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფებში: პატრული, კრიმინალური პოლიცია და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე დაახლოებით 23 მილიონი ლარის დამატება ხდება. აქ ასახულია ხელფასების 8.4%-ით ზრდა, რაც არ იყო პირველად ვერსიაში გათვალისწინებული. გარდა ამისა, შენობის მშენებლობის ნაწილში დაახლოებით 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 15 მილიონი ლარი აქვს დამატებული - ძირითადად ინფრასტრუქტურისთვის და იმისათვის, რომ ხელფასების მატება მოხდეს აღნიშნულ უწყებაშიც",- ამბობს მინისტრის მოადგილე.
























