საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენიშვნები აქვს ზესტაფონი-თერჯოლის ქარის ელექტროსადგურის პროექტზე, რომლის განვითარებასაც "აჭარ-ენერჯი 2007" გეგმავს, რომელიც თურქული EKSIM Holding-ის საკუთრებაში არსებული კომპანიაა.
აღნიშნული ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე 50 მეგავატი უნდა იყოს და ის 7 ტურბინისგან შედგება.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ აღნიშნული კომპანია და მისი დირექტორი ჩაღათაი ულქერი ფიგურირებდა სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეში და 2025 წლის 23 დეკემბერს ბრალდების მხარე მიუთითებდა, რომ ლილუაშვილმა შესაბამისი მემორანდუმების გაფორმებისთვის, მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის გავლით $1 მილიონი დოლარის ქრთამი მიიღო. საქმის სხვა მასალები საიდუმლოებას წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ის მემორანდუმები რომლების შესახებაც ბრალდება იყო წარდგენილი, ამ დრომდე ძალაშია.
2026 წლის 12 ოქტომბერს კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდა სააგენტოს უფროსის, ელენე ღუბიანურის წერილი, რომლითაც "აჭარ-ენერჯი 2007"-ს ეცნობა რომ ზესტაფონი-თერჯოლას ქარის ელექტროსადგურზე სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მთელი რიგი შენიშვნები აქვთ.
თავდაცვის სამინისტრო პროექტის თავდაპირველი განლაგების ვარიანტს არ ეთანხმება
გარემოს ეროვნული სააგენტოს 2026 წლის 12 ოქტომბრით დათარიღებული წერილის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტით განსაზღვრული ტერიტორიის ნაწილი თავდაცვის ძალების ინტერესის სფეროს წარმოადგენს. უწყება არ ეთანხმება ამ არეალის შეზღუდულ რაიონში ელექტროსადგურის ტურბინების განთავსებას.
სამინისტროს პოზიციით, პროექტის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში წარმოდგენილი მეორე ალტერნატიული ვარიანტით გათვალისწინებული კოორდინატების შესაბამისად. ამასთან, თავდაცვის უწყება მიუთითებს, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ოპერატიული გეგმებისა და სამსახურებრივი აუცილებლობის გათვალისწინებით, შესაძლოა საჭირო გახდეს ნებისმიერი ტურბინის დროებით შეჩერება ან გათიშვა. ასეთი მოთხოვნა შეიძლება გავრცელდეს როგორც საგანგებო, ისე საომარი მდგომარეობის დროს.
სამინისტრო მოითხოვს, რომ ტურბინების დროებით შეჩერებასთან ან გათიშვასთან დაკავშირებული პირობები და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები პროექტის სახელშეკრულებო დოკუმენტებში აისახოს. კომპანიამ ასევე უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებასა და თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებას.
პროექტის განხორციელების ადმინისტრაციული წარმოება შეჩერებულია
თავდაცვის სამინისტროს შენიშვნები პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვისას გამოვლენილი საკითხების ნაწილია. გარემოს ეროვნულ სააგენტოს კომპანიას დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარსადგენად ორი თვის ვადა განუსაზღვრა. შესაბამისი მასალების წარდგენამდე კი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეჩერებულია. შესაბამისად, სააგენტო ამ ეტაპზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემას ვერ შეძლებს.
შენიშვნები სხვა სახელმწიფო უწყებებსაც აქვთ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით, რადგან ქარის ტურბინების სიმაღლე 100 მეტრს აღემატება, ისინი საავიაციო დაბრკოლებად მიიჩნევა და საჰაერო სივრცის მომხმარებლებისთვის შესაბამისი წესით უნდა გამოქვეყნდეს. ანგარიშში, ასევე, დასაზუსტებელია ტურბინების განთავსებისთვის საჭირო საავიაციო მონაცემები და 150 მეტრის ან მეტი სიმაღლის ობიექტებისთვის დღის და ღამის ნიშანდების საკითხი. კომპანიამ აღნიშნული საკითხები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან უნდა შეათანხმოს.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, საპროექტო ტერიტორიაზე აჯამეთის სარწყავი სისტემის გამანაწილებელი არხებია. უწყება მოითხოვს, ტურბინების განთავსება ისე დაიგეგმოს, რომ არ გადაიკვეთოს სამელიორაციო ნაგებობებისა და მათი მუდმივი გასხვისების ზოლები. ამასთან, პროექტით გათვალისწინებული გზები არხს კვეთს, რის გამოც კომპანიამ შესაბამისი სახიდე გადასასვლელის ტექნიკური პირობების შესრულება უნდა დაადასტუროს და მელიორაციასთან შეთანხმების დოკუმენტაციაც წარადგინოს.
სააგენტო მიუთითებს, რომ ტურბინების განლაგების შეცვლის საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიამ ალტერნატიული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია და გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების განახლებული შეფასება უნდა წარმოადგინოს. საჭირო იქნება საპროექტო ტერიტორიის, მისასვლელი გზების, ელექტროგადამცემი ხაზისა და სხვა კომუნიკაციების შესახებ მონაცემების დაზუსტებაც.
ტერიტორიის გამოყენების შეზღუდვის ზონები
გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს საქართველოს რკინიგზის კუთვნილი სარკინიგზო ხაზიც მდებარეობს. რკინიგზის ინფორმაციით, საჭიროა საექსპერტო დასკვნა, რომელიც პროექტის შესაძლო გავლენას სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე შეაფასებს.
შენიშვნები ეხება ჰიდროლოგიურ კვლევასაც. სააგენტოს წერილის თანახმად, ანგარიშში მდინარე ყვირილას წყლის საშუალო ხარჯები სათანადოდ არ არის გაანგარიშებული, ხოლო წყლის მაქსიმალური ხარჯების სხვადასხვა მეთოდით მიღებულ მაჩვენებლებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა დასაბუთებას საჭიროებს. კომპანიამ უნდა განმარტოს გამოყენებული ფორმულების საიმედოობა და წარმოდგენილი გამოთვლების საფუძვლები.
პროექტის ტერიტორია ნაწილობრივ კვეთს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის კონტურს, ასევე ყვირილის ქვიშა-ხრეშისა და მანგანუმის საბადოების არეალებს. მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო პროექტის განხორციელებას არ ეწინააღმდეგება ლიცენზიის მფლობელის თანხმობისა და საკომპენსაციო თანხის გადახდის შემდეგ, იმ პირობით, რომ ყვირილის დეპრესიის მანგანუმის საბადოზე სამომავლოდ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესაძლებლობა არ შეიზღუდება.
დამატებით დასაზუსტებელია კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ინფორმირებისა და მათთან შეთანხმების საკითხი, სასოფლო-სამეურნეო მიწების დანიშნულების ცვლილების მასშტაბი და ამ ცვლილებით გამოწვეული გარემოსდაცვითი შედეგები. სააგენტო ასევე ითხოვს ტურბინების დაცვის ზონის დასაბუთებას. ანგარიშის მიხედვით, ყინულის მოწყვეტის შემთხვევაში მისი გადაადგილების მაქსიმალური მანძილი 438 მეტრს აღწევს, მაშინ როდესაც ტურბინების დაცვის ზონად 100 მეტრია განსაზღვრული.
გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი ბიომრავალფეროვნებას უკავშირდება. სააგენტო ითხოვს, უფრო დეტალურად შეფასდეს მდინარე ყვირილასა და ლუხუტასთან დაკავშირებულ სახეობებზე, მათ შორის წავზე, ამფიბიებსა და ქვეწარმავლებზე, შესაძლო ზემოქმედება. შესაფასებელია ხმაურითა და დაბინძურებით მდინარეების იქთიოფაუნისთვის შექმნილი რისკებიც.
ანგარიშში ფრინველებისა და ხელფრთიანების მონიტორინგი ხუთი წლის განმავლობაშია გათვალისწინებული. სააგენტო მოითხოვს, დაღუპული ფრინველებისა და ხელფრთიანების ძიების არეალი თითოეული ტურბინის ძირიდან 150-200 მეტრის რადიუსით განისაზღვროს, ნაცვლად ანგარიშში მითითებული არანაკლებ 100 მეტრისა. მონიტორინგის შედეგები საბაზისო მონაცემებს უნდა შედარდეს, რათა საჭიროების შემთხვევაში დამატებითი შემარბილებელი ღონისძიებები განისაზღვროს.
სააგენტო ასევე ითხოვს ხეებისა და ბუჩქების შესაძლო მოჭრის მოცულობისა და სახეობრივი შემადგენლობის დაზუსტებას, მათ შორის, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეების არსებობისა და მათზე ზემოქმედების შეფასებას. დამატებით უნდა განისაზღვროს, რომელი მისასვლელი გზების რეაბილიტაციაა დაგეგმილი და გამოიწვევს თუ არა ეს სამუშაოები მცენარეული საფარის მოცილებას.
























