პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამწუხაროს უწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისთვის მისჯილ 13-წლიან პატიმრობას.
"ძალიან სამწუხაროა ის, რაც მოხდა დანარჩენზე კი გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, გუნდისთვისაც თავისთავად დისკომფორტია, როდესაც გუნდის ყოფილი წარმომადგენელი და მაღალი თანამდებობის პირი ასეთ ქმედებებში აღმოჩნდა გახვეული. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ადამიანურადაც მძიმე და სამწუხაროა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს, რადგან ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.
როდესაც პრობლემები დავინახეთ, იმთავითვე გადავედით ქმედებებზე, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი პარტიული ყრილობის შემდეგ, სადაც ბიძინა ივანიშვილმა კორუფციის რისკებთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება გააკეთა. ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დავიკავე და იმ მომენტიდან წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა იმისათვის, რომ ყველაფერში ბოლომდე ჩაგვეხედა და გუნდში ვითარება გადაგველაგებინა", - განაცხადა კობახიძემ.
გრიგოლ ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების სააგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების ეპიზოდზე.
























