თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტ ირაკლი მელაშვილის შეფასებით, რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების დანიშვნა, რომელთაც ამ სფეროსთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, კარგად აღწერს ხელისუფლების რეგიონულ პოლიტიკას და პრიორიტეტებს.
"ორჯერ ითქვა, რომ რეგიონულ განვითარებაზე მინისტრის პოსტი შეიქმნებოდა და ორჯერვე მინისტრად წარადგინეს სუს-ის ყოფილი უფროსი (გრიგოლ ლილუაშვილი და მამუკა მდინარაძე), რომელთაც ისეთივე საერთო აქვთ რეგიონულ განვითარებასთან, როგორც მე ჩინური ენის გრამატიკასთან", - თქვა ირაკლი მელაშვილმა “წერტილში”, სადაც ინტერვიუს თემა პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლის გამო რეგიონული განვითარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნაზე უარი იყო.
მისი შეფასებით, პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის გაშვებით, რომელიც რეგიონების "მთავარი პოლიციელი" უნდა ყოფილიყო, ირაკლი კობახიძე დაასუსტეს.
როგორც ცნობილია, მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტიც აღარ შეიქმნება. შარშან გაზაფხულზე შექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტროც უქმდება და ისევ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილი ხდება.
რა აჩვენა „ქართული ოცნების“ გეგმის შეცვლამ - რისთვის იქმნებოდა ახალი უწყება - რეგიონების საჭიროებების უფრო ეფექტიანად მოსაგვარებლად თუ კონკრეტული პოლიტიკური ფიგურისთვის? - ირაკლი მელაშვილის შეფასებით, ამ ფაქტმა მმართველი გუნდის მართვის სისტემაში არსებული პრობლემები კიდევ ერთხელ გამოააშკარავა.
“სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ძალოვნებს შესაბამისი მენტალიტეტი, სპეციფიკური პოლიტიკის გატარების ცოდნა და რესურსები გააჩნიათ, თუმცა ამ ყველაფერს რეგიონულ განვითარებასთან საერთო არაფერი აქვს. რას ნიშნავს რეალური რეგიონული განვითარება? ეს არის: თითოეული რეგიონის საჭიროებების მიხედვით პრიორიტეტების განსაზღვრა და დაგეგმვა; კონკრეტული პროგრამებისა და პროექტების შემუშავება თუ განხორციელება; დაფინანსების მოძიება და საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარება. ახლა მითხარით, სუს-ის უფროსებს, ამ ჩამოთვლილთაგან ცხოვრებაში რამესთან ჰქონიათ შეხება?! არაფერთან. შესაბამისად, ლოგიკა მარტივია - როდესაც ასეთ პოსტზე მათ ნიშნავ, ამას სრულიად სხვა მიზნებისთვის აკეთებ”, - აცხადებს თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი.
“წერტილთან” ინტერვიუში ირაკლი მელაშვილმა ყურადღება გაამახვილა პატიმარი ექსპრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის წერილების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც - მისი აზრით, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა სწორედ ამ წერილებმა განაპირობა.
"ძალიან მიამიტი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე - მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა ღარიბაშვილის ეპისტოლარული ჟანრის ნაშრომებს უკავშირდებოდა. წინა დღეს ის გუბერნატორებს შეხვდა და სამომავლო საქმიანობაც დაგეგმეს... გუბერნატორებს არც ფული აქვთ, არც ბიუჯეტი და არც იურიდიული პირები არიან ანუ ვერანაირ ხელშეკრულებას ვერ გააფორმებენ. შესაბამისად, მთელი ეს სტრუქტურა იქმნება არა - ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ პოლიტიკური კონტროლისთვის. თუ ამოცანა ის იყო, რომ მას, როგორც მთავარ „პოლიციელს“, რეგიონები პოლიტიკური კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა, ის პოლიტიკიდან გაუშვეს - ამით დაასუსტეს პრემიერ-მინისტრიც და მას აღნიშნული პოლიტიკის განხორციელების საშუალება არ მისცეს. მამუკა მდინარაძე, რომელიც წასვლას საერთოდ არ აპირებდა, მოულოდნელად მიდის, პრემიერი კი გვიცხადებს, რომ უწყება აღარ შეიქმნება, რადგან იქ მდინარაძე ვერ ინიშნება. არ არსებობს ნორმალური ქვეყანა, სადაც მთავრობის თავმჯდომარე გაბედავდა თქმას, რომ სამინისტრო მხოლოდ ერთი ადამიანის გამო იქმნებოდა”, - აღნიშნა ირაკლი მელაშვილმა.
რაც შეეხება რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმებას და ისევ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შერწყმას, თვითმმართველობის სპეციალისტმა ამ საკითხზე საუბრის დროსაც არაერთხელ აღნიშნა, რომ შარშან ეს სამინისტროც რეგიონული განვითარებისთვის ხელშეწყობისთვის არ შექმნილა.
ირაკლი მელაშვილმა თავისი არგუმენტების გასამყარებლად რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი და ფუნქციები მოიშველია. კერძოდ, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, სამინისტროსთვის სულ 132 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული. ამ თანხიდან 70 მილიონი ლარი საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის იყო გათვალისწინებული, ხოლო 35 მილიონი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
„როდესაც რეგიონული განვითარების სამინისტროს ქმნი და 132 მილიონიანი ბიუჯეტის 70% მხოლოდ სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე - მოსწავლეთა ტრანსპორტირებასა და ინფრასტრუქტურაზე - მიდის; პარალელურად კი, მილიარდობით ლარი რეგიონული განვითარებისთვის სულ სხვა სამინისტროს მეშვეობით იხარჯება, მაშინ როგორღა ვავითარებთ რეგიონებს? ეს ფულის უსისტემოდ ხარჯვაა. ეს ყველაფერი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება იყო. რატომ ამოიტანეს ცენტრალურ დონეზე?! რატომ უნდა წყდებოდეს თბილისში, ვინ დაიქირაოს ავტობუსმა, როგორ იმოძრაოს ან რამდენი ბავშვი გადაიყვანოს?! სრულ აბსურდს აკეთებენ: რეალური ფუნქციები ვერ გადმოიტანეს და რეგიონულ განვითარებად ის გამოაცხადეს, თუ როგორ უნდა მიიყვანო ბავშვი სკოლამდე სამარშრუტო ტაქსით”, - განაცხადა მან.
ინტერვიუში ირაკლი მელაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ფუნქციას ვერ ასრულებს და საკადრო თუ სტრუქტურული ცვლილებები სახელმწიფო საჭიროებების ნაცვლად, კონკრეტული პირების ინტერესებს ერგება.




























