რეგიონული განვითარების მინისტრი, "ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლა მისი ინიციატივაა და ამ გადაწყვეტილების შესახებ ის მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა.
"ქართული ოცნების" ლიდერი, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი თანამდებობა გამოიცვალა, აცხადებს, რომ პოლიტიკიდან პირადი გადაწყვეტილებისა და ინტერესების გამო მიდის. ჟურნალისტების კითხვაზე - რატომ მივიდა მაღალჩინოსანი ამ გადაწყვეტილებამდე, მდინარაძე პასუხობს, რომ ეს მისი გულწრფელი სურვილი იყო. ამასთან ის, საჭიროების შემთხვევაში გუნდში დაბრუნებას არ გამორიცხავს.
"ჩემი გულწრფელი სურვილი იყო... მე არ გეუბნებით, რომ დაბრუნებას ვაპირებ... დავბრუნდები თუ ძალიან დავჭირდები და სხვა გამოსავალი არ ექნება საკუთარ გუნდს, მარტო ამ შემთხვევაში. აქედანვე გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ გვერდებიდან რომ აპირებენ ხოლმე პოლიტიკაში შემოჩოჩებას, ეგ ჩემი სტილი არ არის. ასევე გეტყვით, რომ მეფიქრა, რომ რეგიონებს ვინც მიხედავს გუნდში, ასეთი ჩემს გარდა არავინაა, ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ მივიღებდი.
ჯერ წუხელ პრემიერ-მინისტრს დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე, დღეს დილით ვესაუბრე ასევე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და ჩვენ სამ ადამიანს შორის შედგა ეს საუბარი, რომ მირჩევნია გავიწიო, ბევრი ისეთი ასაკის შვილები მყავს... ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა ნამდვილად ჩემი ინიციირებული იყო.
ასევე შემიძლია გითხრათ, რომ - ავიღე ამის უფლება გუნდის იმ ორი ლიდერის მხრიდან - ბატონი ბიძინას და ბატონი ირაკლის მხრიდან არ იყო ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ მე დავარწმუნე, რომ ჩემთვის ასე სჯობდა და არ იყოს ის პოზიცია, რომ ჩემთვის შემცვლელი ვერ გამოეძებნათ და დამთანხმდნენ საბოლოოდ. საბოლოო ჯამში, მადლიერი ვარ ამის. ვფიქრობ, სხვა სფეროშიც თუ ჩემს ძალებს მოვსინჯავ პირადად ჩემთვის... საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახზე ვიფიქრე, შეიძლება პოლიტიკოსისგან ცოტა კარგად ეს არ ხმოვანდებოდეს, მაგრამ ჩემთვის შეიძლება უკეთესი იყოს. ასე ვიფიქრე. სიმართლე გითხრათ გუშინ არ დამიწყია ამაზე ფიქრი, ბოლო პერიოდში ვფიქრობდი ამაზე ბევრს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მაღალჩინოსანი გამორიცხავს, იმას, რომ მისი წასვლის მიზეზი შესაძლოა გუნდში გარკვეული დაპირისპირება ყოფილიყო. ის აცხადებს, რომ ივანიშვილისა და კობახიძის გარდა, ამაზე არავის გასაუბრებია, თუმცა პოლიტიკიდან წასვლაზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ფიქრობდა.
"გამოვრიცხოთ. პრემიერის და პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, საქმის კურსშიც კი, უკაცრავად ყველა ჩემს მეგობრებთან... ასე სჯობს ხოლმე წინასწარ გახმაურებას და აჟიოტაჟის ატეხას, კონსულტაცია არავისთან გამივლია. წუხელ შედგა საუბარი ჩემსა და პრემიერს შორის, დიდი ხანი ვისაუბრეთ ამ თემაზე და დღეს დილით, 10 საათზე სამმა ადამიანმა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ვილაპარაკეთ - ეს იყო სულ", - განაცხადა მან.




























