თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის აზრით, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანით “ქართული ოცნების” პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავისი გეგმის პირველი ნაწილი აამოქმედა, რაც ირაკლი კობახიძის გუნდის გარეშე დატოვებას გულისხმობს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა, ივანიშვილი საკუთარ გუნდზე ჯავრს, სავარაუდოდ, იმის გამო იყრის, რომ მათ უმთავრესი ამოცანის - თუნდაც ნაწილობრივი ლეგიტიმაციის მოპოვება ვერ შეძლეს.
“ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და საკუთარი გუნდის შიგნით ანგარიშსწორებების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს არის… ბიძინა ივანიშვილი, რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ მასზე, ადამიანია და ისიც ბრაზდება პერიოდულად. რა თქმა უნდა, ის არ პატიობს საკუთარი გუნდის წევრებს - როგორი ერთგულებიც არ უნდა იყვნენ, რომ ყველაზე მინიმალური დავალებები თუ ამოცანები ვერ შეასრულეს. მათ ვერ უზრუნველყვეს ყველაზე მთავარი - თუნდაც ნაწილობრივი ლეგიტიმაციის მიღება”, - აღნიშნა ხიდაშელმა და იქვე დასძინა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე შექმნილმა იზოლაციამ „ქართულ ოცნებას“ სამოძრაო არეალიც კი უკიდურესად შეუზღუდა.
„დღეს ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც მას [ხელისუფლებას] აქვს, დიახ, ლეგიტიმაციის არარსებობაა, რაც შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე მათ იზოლაციას იწვევს. რამდენჯერაც არ უნდა ჩავიდნენ პეკინში ან უზბეკეთში... თეირანში დადიოდნენ, მაგრამ საიდან მოხვდებათ ბომბი, აღარ იციან, ამიტომ იქაც ვეღარ მიდიან. ის სამოძრაო არეალიც კი შეეზღუდათ, რაც მანამდე ჰქონდათ და უნგრეთი ამის საუკეთესო მაგალითია. ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს საკმარისი არ არის”, - ამბობს ხიდაშელი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, შექმნილი ვითარება ირაკლი კობახიძის პირადი მარცხია და სწორედ ამის გამო დაიწყო ივანიშვილმა მოქმედება, რაც პირველ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ იზოლაციაში მოქცევასა და მისი გუნდის დასუსტებაში გამოიხატა.
„ეს არის კობახიძის პრობლემა, რომელიც მან ვერ მოაგვარა. ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისით უკმაყოფილო ივანიშვილი ახლა მისი გუნდის წევრებზე იყრის ჯავრს. მოდით, გავიხსენოთ ირაკლი კობახიძე სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ძლიერად იყო წარმოდგენილი: მისი გუნდის წევრები იყვნენ თანამდებობებზე - სუს-ის უფროსი გახდა ბატონი ანრი ოხანაშვილი, დაინიშნნენ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები... გაჩნდა განცდა, თითქოს ივანიშვილი აღარ ერეოდა პირადად და მას გადააბარა ისეთი უწყებებიც კი, რომლებიც მანამდე ივანიშვილის ექსკლუზივად ითვლებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გომელაურის, ღარიბაშვილის თუ გახარიას ყოფნა იმის დადასტურება იყო, რომ ის პირადად იღებდა გადაწყვეტილებებს და შემდეგ, უცებ გათენდა და მინისტრები შეიცვალნენ…”, - აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით ნიშანდობლივია მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან ჩამოშორება, რაც ივანიშვილის გეგმის პირველი ნაწილის სისრულეში მოყვანაზე მიუთითებს.
„წავიდა ის კაცი, რომლის წასვლასაც ვერავინ იფიქრებდა, ვიდრე ირაკლი კობახიძე თანამდებობაზე იქნებოდა. მამუკა მდინარაძეს სულ სხვა ფუნქცია ჰქონდა - ის უნდა ყოფილიყო მთავარი „მყეფარე ძაღლი“ „ქართული ოცნების“ მინდორზე. ყველაფერს, რასაც გააკეთებდა, იტყოდა თუ იკადრებდა კობახიძე, შეიზელდა მდინარაძე და საზოგადოებას მიასაღებდა; უცებ ეს კაცი „გადაღლილი“ მიდის პოლიტიკიდან - ვის სჯერა ამის?! ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა თავისი გეგმის პირველი ნაწილის ამოქმედება დაიწყო, რომლის პირველი ეტაპი კობახიძის მარტო დატოვებაა. ეს არის სერიოზული გზავნილი მისთვის და თუ ვერ შეძლებს ვითარების გამოსწორებას, ისიც გაიწირება, როგორც ყველა სხვა პრემიერი”, - აცხადებს თინა ხიდაშელი “წერტილთან” ინტერვიუში.
რაც შეეხება მოვლენების შესაძლო განვითარებასა და პრემიერის შეცვლის ვადებს, ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკადრო დეფიციტი აქვს და სათადარიგო სკამი ფაქტობრივად არ გააჩნია.
„რთული წარმოსადგენია, ირაკლი კობახიძემ რამის მოხერხება შეძლოს ანუ პრობლემები მოაგვაროს, მაგრამ რამდენად სწრაფად გაუშვებს მას ივანიშვილი, ეს რთული სათქმელია - არა იმიტომ, რომ კობახიძის გადარჩენა რამედ უღირს, არამედ იმიტომ, რომ სათადარიგო სკამი ფაქტობრივად არ აქვთ. დავუშვათ და ხვალ გაუშვა კობახიძე, ყველას ვხედავთ, ვინ დგას წინა ხაზზე. მართლა [ნინო] წილოსანს ხომ არ დანიშნავს პრემიერად?! ერთხელ უკვე ჰქონდა ეს ექსპერიმენტი, როდესაც მამუკა ბახტაძე დანიშნა,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.




























