მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შილდი" - ქართული წარმოების პრეპარატი ფაროსანას წინააღმდეგ

5dce67c4b2c90
BM.GE
15.11.19 12:52
4103
“ბაზარზე ფაროსანას საწინააღმდეგო ქართული წარმოების ინოვაციური პრეპარატი გამოჩნდა”, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია “შილდის” დირექტორმა მედგარ გავაშელმა განუცხადა. როგორც ის ამბობს, “შილდის” პროდუქტი ბაზარზე უკვე არსებული პრეპარატებისგან განსხვავებით ბევრად უფრო ეფექტური, ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთაა.

“შილდის” მენეჯმენტის განცხადებით, მათ მიერ მიერ შექმნილმა პრეპარატმა არაერთი ლაბორატორიული შემოწმება გაიარა და მისი რეალიზაციაც იგეგმება. მათივე ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით პრეპარატის რეგისტრაცია აგროქიმიკატების წესის მიხედვით მოხდა, დარეგისტრირდა სასუქად, ინსექტო-რეპელენტური თვისებებით, რომელიც შეტანილია აგროქიმიკატების ნუსხაში. ასევე ჩატარდა სამედიცინო, ეკოლოგიური, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა რამაც დაადასტურა რომ მისი გამოყენება დახურულ სივრცეებში არ არის მავნებელი. პრეპარატი “შილდი” მიეკუთვნება დაბალი მწვავე ტოქსიკურობის მქონე ნივთიერებების მე-5 კატეგორიას. ყველა ლაბორატორიული და საველე ცდების საფუძველზე დარეგისტრირდა სასუქად, რომელსაც ინსექტო რეპელენტური თვისებები აქვს.

“პრეპარატის ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ ჩატარდა რამდენიმე საველე შემოწმება სხვადასხვა კულტურებზე, სადაც კარგი შედეგები მივიღეთ, როგორც - აზიურ ფაროსანასთან, ისე სხვადასხვა მწერებთან და დაავადებებთან ბრძოლის კუთხით. პარალელურად, პრეპარატი აზოტურ-სასუქობრივ კვებასაც აძლევს მცენარეს ანუ კომბინირებულად ეს არის ისეთი პრეპარატი, რომელშიც შედის სასუქობრივი და პესტიციდური თვისებები. გაკეთდა შედარებები ბაზარზე არსებულ სხვა უცხოურ პრეპარატებთან. რაოდენობრივად უფრო მეტი მავნებელი მწერის ლიკვიდაცია მოხდა ჩვენი პრეპარატით, დინამიკაში დაკვირვებამ აჩვენა ასევე საუკეთესო თვისებები. ჩვენი პრეპარატი ეკოლოგიურდ უფრო სუფთა და ეკონომიურია ფერმერისთვის”, - ამბობს კომპანია “შილდის” დირექტორი მედგარ გავაშელი.

გავაშელის თქმითვე, მათი პრეპარატი ინოვაციურია და ბაზარზე მსგავსი შემადგენლობის პროდუქცია არ გვხვდება, შესაბამისად, საქპანეტმა უკვე დაამტკიცა პროდუქტის უნიკალურობაც და დააპატენტა.

პრეპარატის ერთ-ერთი შემადგენელი ნივთიერებაა ამიაკის წყალი, რომელიც ანადგურებს მავნებლებს. “შილდი” გამოიყენება არა მხოლოდ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას, არამედ სამეურნეო კულტურებში ისეთი მავნებლების წინააღმდეგ, როგორებიცაა ტკიპები, კალიები და სხვა. მისი შექმნელები ამბობენ, რომ პრეპარატი გამოიცადა ხე-ტყის და ბზის დაავადებების შემთხვევაშიც, სადაც კარგი შედეგები აჩვენა, თუმცა, ტექნიკური მხარე დასახვეწი რჩება.

გარდა ამისა, კომპანიაში ამბობენ, რომ გაჩნდა მოთხოვნა როგორც - ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. საქართველოში მათი პრეპარატის გამოყენება დაიწყეს მევენახეებმა და ფერმერებმა. მათი თქმით, უკვე არის საუბარი ექსპორტზე, შესაბამისად, რამდენიმე ქვეყანაში სატესტო ნიმუშებიც გაგზავნეს.

“მოთხოვნა უკვე არის არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც. ერთ-ერთია “ასპრია ჰოლდინგი”, რომელიც საერთაშორისო ჰოლდინგია და საქართველოშიცაა შემოსული. კომპანიამ უკვე მოსინჯა ჩვენი პრეპარატის საცდელი პარტია. შედეგების ნახვის შემდეგ კი, 44 ჰექატრი ფართობისთვის მოხდა ჩვენი პრეპარატის შეძენა. ასევე მეღვინეობაში მოსინჯეს ჩვენი პრეპარატი და შეიძინეს კალიების საწინააღმდეგოდ. ჰოლდინგმა “ასპრიამ” ჩვენი პროდუქტის ნიმუშები უკრაინასა და ყაზახეთში უკვე წაიღო. ასევე გადაიგზავნა კეიპტაუნშიც”, - აცხადებს კომპანია “შილდის” დირექტორი მედგარ გავაშელი.

კომპანია სამომავლოდ წარმადობის გაზრდის შემთხვევაში ქარხნის მშენებლობასაც გეგმავს. “შილდის” დირექტორი ამბობს, რომ ხშირი კომუნიკაცია აქვთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, თუმცა იმასაც ამბობს, რომ საჭიროა, უფრო მეტი ხელშეწყობა, რათა ქართული პროდუქტი, რომელიც უნივერსალურია უფრო ცნობადი გახდეს როგორც ადგილობრივ, ისე - საერთაშორისო ბაზარზე.

(R)