მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

617fe89c32aca
შოთა ტყეშელაშვილი
01.11.21 17:15
701
1 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.89 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.169 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.69 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6659 ლარი გახდა. 3.63-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.3231 ლარი გახდა. 

27 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გაცვლით კურსთან დაკავშირებით, კერძოდ, თურქული ლირის გაუფასურების შესახებ განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ლირას გაუფასურების ნეგატიურ ეფექტს რუბლის და მანათის სიმყარე აბალანსებენ. 

“თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და რა თქმა უნდა ყოველთვის მნიშვნელობა აქვს რა ხდება მის ვალუტასთან დაკავშირებით. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ასეთ ანალიზს ვაკეთებთ არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ ერთ ფაქტორს, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ის. სამწუხაროდ, ხშირად კონტექსტში არ ხდება ხოლმე გაანალიზება საკითხების. არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც სხვა ფაქტორები აბალანსებს გავლენას ლარზე, ან კიდევ სიტუაციები, როდესაც ვერ აბალანსებს.

თუკი დღეს არსებულ სიტუაციას შევხედავთ, ლირას გაუფასურება ჩვენი სხვა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გამყარებით ბალანსდება. მართლაც ჩვენ რომ შევხედოთ ლარის ეფექტურ გაცვლით კურსს, ანუ ის რასაც ვამბობთ, რომ ყოველთვის ეფექტურ კურსს უნდა ვუყუროთ და არა მის კურსს მხოლოდ ერთ ვალუტასთან და ეფექტური გაცვლითი კურსი, რაც ასახავს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან კურსს, ბოლო თვეების განმავლობაში არის სტაბილური, რადგანაც სწორედ სხვა ქვეყნების ვალუტების ამყარებამ დააბალანსა ლირის გაუფასურება.

როდესაც სექტემბრიდან ლირამ გაუფასურება დაიწყო, ლირასთან მიმართებით ლარი გამყარდა 11%-ით, ხოლო ამავე პერიოდში ლარი გაუფასურდა რუსულ რუბლთან 6.7%-ით და მოგეხსენებათ ამ შემთხვევაში უფრო ძლიერი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასები არის ძალიან მაღალი, ეს აზერბაიჯანისთვისაც ძალიან კარგი იქნება და ყაზახეთისთვისაც. უკრაინული გრივნა არის 2.9%-ით გამყარებული, ჩინური იუანი 2.3%-ით და აშშ დოლარი 1%-ით. ასე რომ ჯამში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი სტაბილურია და აქედან შეიძლება ახსნა ზოგადად ლარის სტაბილურობის,” - განმარტავს კობა გვენეტაძე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბერს სავალუტო აუქციონი ჩაატარა და $60 მილიონი გაყიდა - აუქციონის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა, თუმცა მას შემდეგ ყოველდღიურად უფასურდება.  

ეს 2021 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია იყო, ბოლო აუქციონი სებ-მა 3 აგვისტოს გამართა, რა დროსაც $30 მილიონი გაყიდა. ჯამურად, 2021 წლის განმავლობაში ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა $332.9 მილიონი დოლარი გაყიდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 2 ნოემბრიდან შევა ძალაში.